საზოგადოება

გვანცა ყუფარაძე თაკო ჩარკვიანს: არ ახსენოთ ჩემი სახელი ბოროტების გასამართლებლად !

გვანცა ყუფარაძე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს 5 წელი ციხეში გაატარა, თაკო ჩარკვიანს სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:

„ახლახანს ვუყურე ,,რეაქციას,” ტვ პირველზე. ვუსმინე თამარ ჩარკვიანს და ძალაუნებურად, მინდა თუ არ მინდა იძულებული ვარ გამოვეხმაურო ამ ფაქტს. იმედი მაქვს, ეს იქნება უკანასკნელი მიზეზი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან ეს არის პირველი და უკანასკნელი პირდაპირი რეაგირება ქალბატონი თამარის მიმართ.

უპირველესყოვლისა, უნდა გამოვხატო ჩემი მწუხარება იმ საფუძვლების გამო, რის გამოც მიწევს პოზიციის დაფიქსირება. გულწრფელად ვწუხვარ! თავის დროზე, ამან ძალიან დამთრგუნა და მთრგუნავს ახლაც.

მე დიდ პატივს ვცემდი ქალბატონ თამარს, მისი ოჯახის არა ერთ წევრს, რადგან ვთვლიდი და რასაკვირველია დღემდე მიმაჩნია, რომ მათი შემოქმედებითი ღვაწლი ამ ქვეყნის წინაშე საოცრად დიდია, ეს გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ, ამ ოჯახს ექნება კიდევ არა ერთი მწვერვალი, რაც მე ყოველთვის გამახარებს !

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს:
როდესაც ქალბატონი თამარი ამბობს, რომ ის ხშირად ახსენებდა ჩემს სახელს, ჩემს საქმეს და გამოხატავდა პროტესტს, ის ამაში მართალია. მე ის პირველად დავაფიქსირე ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე, სადაც მიმიწვიეს 2012 წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და მაშინ, ჩემთვის ერთი შეხედვით აბსოლუტურად უცნობმა ქალბატონმა, რომელიც აღმოჩნდა თამარ ჩარკვიანი და რომელიც ბუნებრივია ვიცანი სახელის გაჟღერების შემდეგ, როგორც უშუალოდ, ასევე საჯაროდ გამოხატა სოლიდარობა ჩემს მიმართ. ასევე პირად საუბარში მითხრა, რომ ის ამაზე წერდა თავის გამოცემებში. ამის შემდეგ, ვიკითხე ბევრი რამ, ვნახე ის, რაც უნდა მენახა, დავაფასე ეს ყველაფერი, ვიყავი მადლიერი და ამას ყოველთვის აღვნიშნავდი ! შეხვედრის შემდეგ, თითქმის ყველა ეთერსში, სადაც საუბარი იყო დანაშაულებრივ რეჟიმზე ის ახსენებდა ჩემს გვარს. ეს არის ფაქტი. მე ეს ყველაფერი ვიხილე, დავიმახსოვრე, ადამიანურად დავაფასე. ვიყავი ძალიან მადლიერი, მადლიერი ვარ ახლაც, რადგან ალბათ ვთვლი, რომ მიუხედვად ყველაფრისა, ეს ერთგვარი კულტურაა. შესანიშნავად მახსოვს ყველაფერი. ზოგადად, კარგი ,,მახსოვრობა” მაქვს. მახსოვს ისიც, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე, არა ერთი პიროვნება თუ გაერთიანება, საჯაროდ თუ პრივატულად, მოვიძულე იმის გამო, რომ ცუდად მოიხსენიებდნენ ამ პერსონას. მათ ვეწინააღმდეგებოდი და ვუპირისპირდებოდი იმიტომ, რომ წარმოუდგენლად აღვიქვამდი იმ ბრალდებებს, რასაც მის მიმართ აჟღერებდნენ, ეს შეურაცხმყოფლადაც კი მიმაჩნდა.
გავიდა დრო და მე ჩემი თვალით ვნახე, საკუთარი ყურით გავიგე ეს ყველაფერი. მესმის თითქმის ყოველდღიურად, თავად ქალბატონი თამარი ადასტურებს ამ ყველაფერს, თავისი ქმედებებით.

პრინციპებმა, ძალიან საბაიზისო ადამიანურმა ღირებულებებმა, რასაც იდეალებსაც ვერ ვუწოდებთ ალბათ, ბევრი ვინმე და რამ დამაკარგვინა ცხოვრებაში. დამაკარგვინა ჩემთვის უახლოესი ადამიანიც კი. ეს უკანასკნელი იყო და ვფიქრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იქნება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია, რომლის გადახარშვაც და გააზრებაც ადამიანურად ყველაზე მეტად გამიჭირდა და ბუნებრივია ამან გამოიღო შედეგიც, გამომუშავებული იმუნიტეტის სახით. ამიტომ, ქვეყნად აღარაფერი მაკვირვებს. მე არ მინდა ქალბატონ თამარზე საუბარი ნეგატიურ კონტექსტში, მაგრამ იძულებული ვარ საჯაროდ ვთხოვო ერთი რამ:

– ქალბატონო თამარ, თქვენ ხაზი გადაუსვით ყველაფერს, რის გამოც სოლიდარული იყავით ჩემს მიმართ. ყოველ შემთხვევაში, თუ იყავით, ამ ღირებულებების მატარებლობის გამო უნდა ყოფილიყავით. ამიტომ, ამის გარეშე, პერსონალურად ჩემს მაგალითს არანაირი ფასი არ აქვს, აღარ უნდა ჰქონდეს თქვენთვის და კარგი იქნება თუ არგუმენტებსაც შეცვლით და კონტრარგუმენტებსაც. მე არც ერთისთვის გამოგადგებით და არც მეორესთვის. მიხეილ სააკაშვილთან, ნაციონალურ მოძრაობასთან თანაზიარებით ისიც უნდა გაიზიაროთ, რასაც ისინი მე მიწოდებენ. უმორჩილესად გთხოვთ, აღარასოდეს აღარ ახსენოთ ჩემი სახელი. ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის ! მე არც სულელი ვარ და არც სათამაშო. მე შემიძლია მქონდეს პრინციპი, რასაც მანამ არ ვუღალატებ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ის მცდარია და თუ დავრწმუნდები რომ მცდარია, ამაზე პასუხისმგებლობასაც ავიღებ. ამავდროულად, პრინციპი ჩემთვის არც მერკანტილური სურვილებია, არც პოლიტიკური პარტია და არც პერსონალია !

მინდა რომ ეს მიმართვა, მაგალითი იყოს ყველასთვის. ჩემი დიდი თხოვნა და ამავდროულად მოთხოვნაა, რომ არ ახსენოთ ჩემი სახელი ბოროტების გასამართლებლად ! არ ახსენოთ ჩემი სახელი სულმდაბლობის გასამართლებლად ! არ ისაუბროთ ჩემთან ასოცირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ან/და სამართლებრივ ქეისზე, თუ მასში ერთხელაც არ ჩაგიხედავთ. თუ არ იცით ვინ ვარ, უბრალოდ არგუმენტად ნურც გამომიყენებთ, ნურც მომიმადლიერებთ და ნურც გამსვრით, ისედაც ათასი საზიზღრობით გასვრილს, თუ შეიძლება.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მე ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც. კერძოდ: არ მქონდა გააზრებული და დღეს უკვე კარგად გავათვითცნობიერე, რომ ყველა უაპელაციოდ არ უნდა მიიღო და დააფასო, მხოლოდ იმის გამო რომ კონკრეტულ მომენტში შენს მხარეს არის, მისი სიტყვები გულზე მალამოდ გედება, კარგი რეპუტაციით სარგებლობს და ერთი შეხედვით ძალიან დახვეწილია. ეს ყველაფერი ყალბია, თუ არ დგას იმ საფუძვლებზე, რომელსაც ეს შეიძლებოდა გამოეწვია. ხოლო, როდესაც უსაფუძვლოდ, გაუაზრებლად იღებ ამას, როგორც სიკეთეს, მაშინ იმასაც იმსახურებ, რომ ბოროტებით დაგიგირგვინდეს. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ბოდიშსაც ვიხდი ყველასთან, ვისთანაც მოსახდელი მაქვს. პირველ რიგში, იმ განვითარებადი, მაგრამ ურყევი იდეალების წინაშე, რომელსაც ვატარებდი იმ დროიდან, როდესაც ,,მსუყე არგუმენტად თუ კონტრარგუმენტად” ვიქეცი და დღემდე ვინარჩუნებ ერთგულებას ამ ღირებულებების მიმართ

ჩემთან, ინდულგენცია, მხოლოდ იმ ღირებულებებს აქვთ, რომლისაც მთელი შეგნებით მჯერა და მთელი არსებით მწამს!“

Facebook Comments