სოციალური ქსელები და მედია

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

ქს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ ერთი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არჩევნების დღეს მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც მან ჯარს და პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უნდა მოხდეს რეაგირება და ძალოვანი უწყებების რეაგირებით საკანონმდებლო ორგანო აუცილებლად დაინტერესდება.

ირაკლი კობახიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ არჩევნებზე მიღებულ მხარდაჭერაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ენმ-ს მხარი იმ მოქალაქეებმა დაუჭირეს, რომლებიც ხელისუფლებაზე განაწყენებული არიან.

მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, საპროტესტო აქციები დაანონსა, რომლის მოთხოვნაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება.

„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას.მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში”-განაცხადა სააკაშვილმა.

 

Facebook Comments