აშშ-ში ქალი და მისი საყვარელი, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

Nusagi

ფლორიდაში, ქალაქ ტალაჰასში მცხოვრებ ქალსა და მის ყოფილ საყვარელს ბრალი დასდეს ქალის ქმრის წინასწარ განზრახვით მკვლელობაში. „ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, 2000 წელს, მაიკ უილიამსი, რომელიც 1,75 მილიონ დოლარად იყო დაზღვეული, იხვებზე სანადიროდ წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.

ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. გამოძიებამ გადაწყვიტა, რომ მამაკაცი ნავიდან გადავარდა და ნიანგების მსხვერპლი გახდა. მაიკ უილიამსი გარდაცვლილად მეუღლის, დენიზ უილიამსის თხოვნის საფუძველზე ცნეს. ქალმა 1,75 მლნ დოლარი მიიღო და ცოლად გაყვა ქმრის უახლოეს მეგობარს, ბრაიან ვინჩესტერს, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა.

წყვილი 7 წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდა. 2016 წელს ვინჩესტერი ყოფილ მეუღლეს თავს დაესხა და იარაღის მუქარით რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული, რისთვისაც ის გაასამართლეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მალევე, სამართალდამცველებმა ვინჩესტერის ჩვენების საფუძველზე, 17 წლის წინ დაკარგული მაიკ უილიამსის სხეულის ნაწილები იპოვეს. დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ ნეშტი სწორედ მაიკ უილიამსს ეკუთვნოდა.

ვინჩესტერმა გამოძიებას უთხრა, რომ ის და მისი უახლოესი მეგობრის, მაიკ უილიამსის მეუღლე, დენიზ უილიამსი 1997 წლიდან საყვარლები იყვნენ. მან კარგად იცოდა, რომ მაიკი დაზღვეული იყო და დენიზთან ერთად საუკეთესო მეგობრის მკვლელობა დაგეგმა. მან მაიკს ხელი ჰკრა და ნავიდან გადააგდო, თუმცა ეს უკანასკნელი ნავის კიდეს ჩაეჭიდა და საშველად უხმობდა. მაშინ ვინჩესტერმა მაიკი ცეცხლსასროლ იარაღით მოკლა, ცხედარი კი გადამალა. ქალი ბრალდებას უარყოფს.

Facebook Comments
%d bloggers like this: