თბილისში ოთხ ადგილზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა

Nusagi

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისევ განაგრძობს.

ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

4 დეკემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება  დაფიქსირდა თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე – 2.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.3-ჯერ,  ვაშლიჯვარში – 1.6-ჯერ, ხოლო ვარკეთილში – 2-ჯერ. 5 დეკემბერს – თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.6-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ,  ვაშლიჯვარში -1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.5-ჯერ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე – 1.1-ჯერ.

6 დეკემბერს გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში მხოლოდ წერეთლის გამზირზე – 1.3-ჯერ. 7 დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება კვლავ დაფიქსირდა თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. კერძოდ წერეთლის გამზირზე – 2.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ,  ვაშლიჯვარში – 1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში – 1.3-ჯერ. 8 დეკემბერს – თბილისში მხოლოდ ყაზბეგის გამზირზე – 1.9-ჯერ. 9 დეკემბერს – ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე – 1.4-ჯერ, 10 დეკემბერს – თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 2.4-ჯერ,   ვარკეთილში – 1.4-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აიღეს ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: აეროპორტის დასახლება – სკოლა N76-ის, აეროპორტის დასახლება – ბაგა-ბაღი N12-ის,  ლილოს დასახლება – სკოლა N168-ის და ლილოს დასახლება – სკოლა N107-ის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

Facebook Comments
%d bloggers like this: