ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, ერთკაციანი ეკიპაჟიც გამოჩნდება

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, საქართველოში ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, ერთკაციანი ეკიპაჟებიც გამოჩნდება.

“სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმეთვიანი კურსი დაასრულეს, შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება.

სიახლის მიხედვით, გამარტივდება პატრულ-ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მუშაობის პროცედურული ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლების ადგილზე დაყოვნების დროს. ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს”, – წერია განცხადებაში.

ამავე რეფორმის ფარგლებში, საპატრულო პოლიციაში ინერგება ახალი ამერიკული მოდელი, რაც გულისხმობს სტანდარტულ, 2-კაციან საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად, ახალი პატრულ ინსპექტორების დამატებას, რომლებიც პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: