ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცედურები განმარტა

Nusagi

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცედურები განმარტა. მისი განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტით, ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 60-ით არის განსაზღვრული, თუმცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ასე უცებ რეორგანიზაციას არ და ვერ ითვალისწინებს.

“ამიტომ აქ გვაქვს გარკვეულ კოლიზიასთან საქმე, ორი კანონი ერთმანეთს ეჯახება. ბუნებრივია ჩვენ ვარჩევთ იმ გზას, რომელიც საჯარო სამსახურის კანონს ეხება. ვერ გავყვებით მოგვიანებით მიღებულ სახელმწიფო ბიუჯეტს. პარლამენტთან გვექნება მჭიდრო კონსულტაცია ამ თემაზე, იმედი მაქვს დიმიტრი გაბუნია ეფექტურად გაართმევს თავს”, – აღნიშნა ჟვანიამ.

მან განმარტა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად თუ ერთი თვის ვადაში, რეორგანიზაციის შედეგად გაირკვევა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის საშტატო ერთეულები ადმინისტრაციაში არსებობს, მათ მიეცემათ შეთავაზება. თუ არ მოინახა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამდებობის პირი, მაშინ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს ე.წ მობილობის წესს, რომლის მიხედვითაც ერთი თვის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია ეძებს საჯარო სამსახურებში შესაბამისი კვალიფიკაციისათვის საჭირო თანამდებობებს და სთავაზობს ადმინისტრაციის საჯარო მოხელეს.

“თუ ერთი თვის განმავლობაში ბიურო ვერ მოძებნის ვაკანსიას, ან მოხელემ მიიღო შეთავაზება და არ დათანხმდა, დაბალი პოზიციის ან ხელფასის გამო ამის შემდეგ მოხელე გადადის რეზერვში ან თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. გაავისუფლების შემდეგ მოხელეს უნდა მიეცეს სამი თვის თანამდებობრივი სარგო”, – განმარტა ლაშა ჟვანიამ.

მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს კობა ედილაშვილს და საფინანსო სამსახურის უფროსს თამარ გოდერძიაშვილს ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა შესთავაზა.

გარდა ამისა, ლაშა ჟვანია კმაყოფილია პროტოკოლის უფროსის და ლაშა კვერნაძის მუშაობითაც.
ასევე, გამორიცხული არ არის, რომ მეხუთე პრეზიდენტთან თანამშრომლობა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმაც გააგრძელოს. ამ კითხვაზე პასუხად ჟვანიამ მხოლოდ ის აღნიშნა რომ ჯაჯანაშვილს ზურაბიშვილთან წარსულში თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

17 დეკემბერს პარლამენტიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც წინა კვირაში უმრავლესობის წევრების ნაწილი, არასამთავრობოები და მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკრიტიკებდა, გაიწვიეს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს საჯარო მოხელის სტატუსის შეწყვეტა იყო გათვალისწინებული. ისინი ვალდებულები გახდებოდნენ, რომ ხელშეკრულება ადმინისტრაციასთან გაეფორმებინათ, ამასთან კანონპროექტით ისინი სამსახურში კონკურსის გარეშე შეირჩეოდნენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: