რუსებს არ დაველაპარაკებითო. ნუ დაელაპარაკებით – სულ ექნებათ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული, ასი წელი

Nusagi

,,ქართული პოლიტიკური სიურეალიზმი

ნახევრად ჩაბნელებული დარბაზის წინ, სცენაზე მოსიარულე პრემიერი ბახტაძე ინოვაციური ივენთის გმირს კი არა, კიოს წარმოდგენის პერსონაჟს გავდა, რომელიც შეეცადა ჯადოქრობის მოშველიებით, საახალწლოდ, დროებით მაინც გაექრო ადამინებითვის სულისშემხუთველი პრობლემები. სამწუხაროდ, მოდური ტრენინგის ქოუჩის როლში შესული, ამაოდ დაშვრა…

ვერც ნახევრად ბნელ დარბაზში მსხდომნი დაარწმუნა იმაში, რომ ყველაფერი კარგადაა და ვერც ტელეაუდიტორია, „იმედის“ ეთერს ერთი საათით რომ მიაჯაჭვეს. ანკი რა ითქვა ისეთი, ქვეყნის წამყვანმა ტელევიზიამ თუნდაც ნაყიდი ერთსაათიანი ეთერი რომ დაუთმო…

მაგრამ ეს ხომ საქართველოა.

„ოცნების“ მესვეურებმა, როგორც ნათქვამია, ვერც ვერაფერი დაივიწყეს, ვერც ვერაფერი ისწავლეს.

სიღარიბე 10%–ით შემცირდაო, მააშ! რომც შემცირებულიყო, იმ მასშტაბისაა ის ჩვენს ქვეყანაში, არც უნდა ეთქვა.

ორი მთავარი ამოცანა გვაქვსო, ბახტაძემ – ოკუპაცია და სიღარიბე.

მერედა, რომელიმეს გადასაჭრელად რატომ არ აკეთებთ რამეს?

რუსებს არ დაველაპარაკებითო. და ნუ დაელაპარაკებით – სულ ექნებათ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული – ათი წელი, ოცი, ორმოცდაათი, ასი… ვიდრე რუსეთი არ დაიშლება? სიღარიბე კი იმით აღმოიფხვრება, ბანკები ჩვენს დამშეულ თანამოქალაქეებს სესხებს თუ აღარ მისცემენ?. არ ექნებათ ვალები და კისერი უტეხიათ, კინჩხი მიუყოლებიათ?. სამაგიეროდ სიღარიბის ერთ–ერთი მაჩვენებელი –ჭარბვალიანობა შემცირდება და ავშენდებით!, რეიტინგებში ვიქნებით კარგად!.

ხალხი კი ახალ სუნთქვას, ახალ ინიციატივებს, რეალურ იმედს ელის, ხვალინდელი დღის.

ესენი კი ლათაიებს გვიყვებიან.

სად არის „დალაგება“, ბიძინა რომ შეგვპირდა? მაინც ტოვებს პრემიერად ბახტაძეს და პარლამენტის თავმჯდომარედ კობახიძეს? სად არიან ახალი სახეები, „ძველი“ გვარდია, მიდის ის ერთი წელი, ბიძინამ რომ მოითხოვა.

თუ ვერაფერს აკეთებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნეთ. არ შეიძლება 38%–იანი ხელისუფლება პარლამენტში ადგილების 2/3–ს, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობას, 75%–ზე მეტს ფლობდეს (მეორე ტურის 60% „ანტიმიშა“ იყო, საპროტესტო ხმის მიცემა).

არადა, მალე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დაგვიანებული იქნება და ისევ ქუჩაში გადაწყდება ხელისუფლების ბედი, ან იქნებ უარესიც – ქაოსში დაინთქმება ქვეყანა.

ერთადერთ ალტერნატივად კი „ოცნება“ და ბიძინა ისევ „ნაციონალებს“ გვიტოვებს…

იქნებ ესეც იყო და არის ჩაფიქრებული…

ამიტომ გვაბოლებენ ჩაბნელებულ დარბაზებსა თუ ნაყიდი ტელეეთერებიდან. არაპოლიტიკოსი, ბიძინას მიერ მთავრობად და კანონმდებლებად გამწესებული სუბიექტები, რომელთა პერსონალური რეიტინგები 20–25%–ს არ აღემატება.

… და მიცურავს გემი… ხომ გახსოვთ ფელინი, ხომ გახსოვთ იმ გემს რა მოუვიდა… არასწორი მიმართულებით მიცურავს… შეწყვიტეთ რეისი, დაამთავრეთ აბსურდის თეატრი და შეუცვალეთ გემს მიმართულება… ასე ევროპამდე და ცივილიზებულ სამყარომდე ვერ მივაღწევთ.=წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ექსპერტი, ვაჟა ბერიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: