ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება აღარ შეწყდება

Nusagi

საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი ორშაბათიდან დაჩქარებულად იმსჯელებს. საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ცვლილების საფუძველზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება აღარ შეწყდება.

“ამ დრომდე შიმშილობენ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილები და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ორშაბათს უკვე იქნება დაჩქარებული წესით დაწყებული განხილვა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების, რომლითაც გახანგრძლივდება ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით მძიმე დანააულებზე და გახანგრძლივდება ეს ვადა 5 წლით. ანუ ორშაბათიდან ვიწყებთ დაჩქარებული წესით განხილვას ცვლილებებისა, რომლითაც გამოძიებას არ ექნება შეწყვეტის ვალდებულება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების. მე იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები მხარს დაუჭერენ ამ კარგ ინიციატივას.

ეს ინიციატივა გავრცელდება ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. რასაკვირველია, ეს ცვლილება პირველ რიგში განპირობებულია ზვიად გამსახურდიას საქმეზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების აუცილებლობით. რათა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება იყოს განხორციელებული და მაქსიმალურად იყოს გამოყენებული დრო”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარეც.

31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის საზოგადოებრივი მისაღების შენობაში შიმშილობენ.

21 დეკემბერს  სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა, გაეთვალისწინებინა თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: