განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდება

Nusagi

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება და ახლა უკვე 30 წლამდე განისაზღვრება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები მხოლოდ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ხანდაზმულობის ვადას არ ეხება, არამედ შეეხება ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან არის დაკავშირებული.

„არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ ერთ საქმეს ეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც კანონპროექტით არის გაწერილი. ეს ცვლილებები ეხება ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან არის დაკავშირებული და რომელთა შესახებ ხანდაზმულობის ვადაზე ჩვენ შეგვეძლო აქამდე გველაპარაკა, რომ ეს არის 25 წელი. 25 წლიანი ვადის 5 წლით გახანგრძლივებაზეა საუბარი. წამოვიდა ასევე არგუმენტები, რომ ზოგიერთ დანაშაულს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიიდან ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ეხებოდეს. საკმაოდ საფუძვლიანია ეს არგუმენტებიც. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც გუნდმა ხანდაზმულობის ვადის 5 წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა, ერთ-ერთი ძალიან მყარი და მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ გამსახურდიას საქმეზე შეუძლებელი იქნებოდა გამოძიების გაგრძელება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის არგუმენტი. არსებობს სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, სადაც არგუმენტების მიხედვით, უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი ვადა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: