სერგეენკო: იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უფასო სამედიცინო სერვისებზე არაფერი იცოდა, განახევრდა

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო სამედიცინო სერვისების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ამის შესახებ მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე თქვა.

მინისტრმა დასძინა, რომ ამ ადამიანების რაოდენობის განახევრება მაინც არ იძლევა იმის უფლებას, რომ უწყებამ მოაკლოს ძალისხმევა საზოგადოების ინფორმირებას.

“ის, რომ განახევრდა, არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალისხმევა უნდა მოვაკლოთ ამ მიმართულებას, სანამ ერთი ადამიანი, ერთი ოჯახი მაინც რჩება, ვისთვისაც მიუწვდომელი ბარიერია მედიკამენტის შეძენა ან ექიმთან მისვლა და სერვისების მიღება”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამის მოგვარება მთავრობის ღირსების საკითხია.

ერთი წლის საქმიანობის ანგარიშში აქცენტები გაკეთებულია 2012 წლიდან ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე, ასევე ამ რეფორმების შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებულია არამხოლოდ ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით. კვლევა ტარდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეფექტიანობაზე.

გარდა მიღწევებისა, ანგარიშის პრეზენტაციაზე აქცენტი კეთდება არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად დაგეგმილ ნაბიჯებზე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: