სამართალი

ანა დოლიძე – აღიქმება, რომ ირაკლი კობახიძე სასამართლოში არსებულ კლანს უჭერს მხარს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის მხოლოდ გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრა კლანის მხარდაჭერაზე მეტყველებს.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სასამართლოში არსებული კლანის მხარდაჭერა მიუღებელია.

ანა დოლიძემ და საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გამართეს.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ კვირას ჩვენ მოვიგეთ დიდი ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, ვინაიდან სასამართლო კლანს ჰქონდა სასამართლოს მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისთვის ჩვენ, ყველას გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნებისმიერი ფორმით ამოიღო ხმა. თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. ამ  ფონზე გუშინ ტელევიზიიდან შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა აღიქმებ,ა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად, ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით,  მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც ბოლო დროს იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს, კობახიძის მხრიდან მხოლოდ მიქაუტაძესთან შეხვედრა აღნიშნული კლანის და ჯგუფის მხარდაჭერას ნიშნავს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დღეს არსებობს საშიშროება, რომ სასამართლოს გავლენიან დაჯგუფებასთან მიმართებით შეიქმნება ისეთი პროცედურები, რომლებიც უბრალოდ შეალამაზებს პროცესს და რასობრივად არაფერს შეცვლის.

„საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს ჩინჩალაძის კლანის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას და პარლამენტს მისცემს შანსს, აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

Facebook Comments