დიმიტრი გვრიტიშვილი – დეპუტატების განცხადებები, რომ სააკაშვილის დროინდელ მოსამართლეებს არ უნდა მიეცეთ დაწინაურების საშუალება, დისკრიმინაციულია

Nusagi

ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი უკვე აშკარა მუქარაზეა გადასული და ეს სხვა არაფერია, თუ არა სასამართლო ხელისუფლების დასჯის მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აბსოლუტურად დაუშვებელია ეკა ბესელიას განცხადებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მოსამართლეებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, დაწინაურნენ უზენაეს სასამართლოში. დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაშია წარმოდგენილი, აცხადებს, რომ დეპუტატების მხრიდან ასეთი განცხადებები დისკრიმინაციულია.

„გაურკვეველია, ვის გულისხმობს სააკაშვილის პერიოდში მომსახურე მოსამართლეებზე.

ეს ყველაზე თუ არის გავრცელებული, აშკარად დისკრიმინაციული და უსაფუძვლო განცხადებაა, რათა მათ შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ, დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში. შევახსენებ ყველას, მათ შორის დეპუტატებსაც და საზოგადოებას, რომ არსებობს მოსამართლეთა დანიშვნისა და კარიერის მართვის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ობიექტურ გაზომვადკრიტერიუმებს. ეს არის დამსახურება, რაც თავის თავში მოიაზრებს კვალიფიკაციას, შესაძლებლობას“,-განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

საბჭოს წევრის თქმით, კრიტერიუმი, როგორიც არის – სააკაშვილის დროს ნამსახურება, არ არის ობიექტური კრიტერიუმი და აშკარად დისკრიმინაციული მიდგომაა. „ეს არის სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობაა, რასაც ჩვენ, საბჭოს წევრები არ დავუშვებთ. ჩვენ არავის გვეშინია, მზად ვართ, რომ საზოგადოების წინაშე წარვსდგეთ და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ არ დავუშვებთ არავის მცდელობას, ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმეებში და მით უმეტეს, განახორციელოს რაღაც დასჯის მსჯელობა. მათი განცხადებები კრიტიკის ჩარჩოებს ცდება”,- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: