რუსეთში Burger King-ის რესტორნების დირექტორის სავარაუდო მკვლელი დააკავეს

Nusagi

რუსეთში პოლიციელებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, დედაქალაქის ორი რესტორნის, Burger King-ის დირექტორის, ირინა ახმატოვას გაუჩინარებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს.

ახმატოვას გაუჩინარების შესახებ ცნობილი გახდა 26 დეკემბერს. 29 წლის ქალი საკუთარი მანქანით მოსკოვიდან ტულაში, მშობლებთან გაემგზავრა. მანამდე კი, პოპულარული ინტერნეტსერვისით BLA BLA CAR, თანამგზავრი იპოვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახმატოვას თანამგზავრი ვებგვერდზე სხვისი მონაცემებით და სხვისი ფოტოთი იყო დარეგისტრირებული, თავად კი, 39 წლის ყოფილი პატიმარია, რომელიც სასჯელს თაღლითობისა და სექსუალური დანაშაულისთვის იხდიდა.

მოგვიანებით ახმატოვას „აუდის“ მარკის ავტომობილი იაროსლავლში  იპოვეს, მას სანომრე ნიშანი მოხსნილი ჰქონდა, სალონი კი, გულდასმით იყო გარეცხილი.

რუსული გამოცემების წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი ვლადიმირსკის ოლქში აიყვანეს, სადაც ის მიმალვას ცდილობდა. საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული, თუმცა დაკავებულს, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვშია გადაყვანილი, აღიარებითი ჩვენება ჯერ არ მიუცია.

დაკარგულის მეუღლე და ნათესავები აცხადებენ, რომ ახმატოვა ხანგრძლივი მოგზაურობისას ხშირად სარგებლობდა სერვისით bla bla car, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ის თანამგზავრებს პოულობდა, რათა გრძელ გზაზე მარტო არ ყოფილიყო და ამ დრომდე არანაირი პრობლემა არ შექმნია. ახმატოვას მეუღლის თქმით, ის  ინფორმირებული იყო, რომ ცოლს ტულამდე თანამგზავრი უნდა აეყვანა.

29 დეკემბერს ირინა ახმატოვას მეუღლეს უცნობი პირი დაუკავშირდა და გამოსასყიდი, 100 000 რუბლი მოთხოვა. მისი თქმით, ქალი  ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და ტელეფონზე დალაპარაკებას ვერ შეძლებს. ნათესავებს იმედი აქვთ, რომ ახმატოვა ჯერ კიდევ ცოცხალია და მის პოვნას შეძლებენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი ბოლო პერიოდში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, საიდანაც ცოტა ხნის წინ გაიქცა.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: