მაგნიტოგორსკში, კორპუსის ნანგრევებში 10 თვის ბავშვი ცოცხალი იპოვეს

Nusagi

რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში დღეს 10 თვის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ТАСС-ი იუწყება.

თვითმხილველის თქმით, მაშველებმა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ნანგრევებიდან უცნაური ხმა გაიგეს. „ადგილზე იმყოფებიან ექიმებიც, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მაინც.. საქმე იმაშია, რომ სპეციალური მოწყობილობით ნანგრევებში სითბოს მიწოდება ხდებოდა“,-აღნიშნა მან.

ექიმები ბავშვის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს. ის რეანიმობილით საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ოლქის გუბერნატორის თქმით, ბავშვი იმან გადაარჩინა, რომ საწოლში, თბილად იწვა.მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველაფერი კეთდება რეანიმაციისთვის.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სამაშველო სამუშაოებისას გაჩნდა ახალი ნგრევის საფრთხე. ძებნის სამუშაოების განახლება მხოლოდ მას შემდეგ იგეგმებოდა, რაც დაკიდებული კონსტრუქციების გატანა მოხდებოდა.

საცხოვრებელი კორპუსი 31 დეკემბერს, დილით ჩამოინგრა. მაშველებმა 8 დაღუპულის ცხედარი იპოვეს, რომლებიც იმ დროს საკუთარ ბინებში იმყოფებოდნენ. 36 ადამიანის ბედი ჯერჯერობით გაურკვევლია. წინასწარი შეფასებით, სამაშველო სამუშაოები 2 დღე-ღამეს კიდევ გასტანს.

Facebook Comments
%d bloggers like this: