სენატორი ელიზაბეტ უორენი 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

Nusagi

მასაჩუსეტსის სენატორი, ელიზაბეტ უორენი აპირებს, კენჭი იყაროს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2020 წელს. ამის შესახებ სენატორმა 31 დეკემბერს,თავის მხარდამჭერებთან ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„სანამ სადაზღვევო კომპანიები პაციენტებს სიცოცხლის გადარჩენაზე უარს ეუბნებიან, სანამ მსხვილი ბანკები კლიენტებს ძარცვავენ და სანამ ნავთობკომპანიები პლანეტას ანადგურებენ, პოლიტიკოსები სხვა მხარეს იხედებიან“,- განაცხადა უორენმა.

სენატორმა თავისი საარჩევნო კამპანიის სხვა პუნქტებზეც ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ აუცილებელია, ეკონომიკური თანასწორობისკენ სწრაფვა და მთავრობის პოლიტიკის გამჭვირვალობა. „კორუფცია წამლავს დემოკრატიას“,-აღნიშნა მან.

მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი დემოკრატიული პარტიის პროგრესული ფრთის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად ითვლება. 2014 წელს, „ბლუმბერგის“ ვერსიით, ის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მე19 ადგილზე მოხვდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უორენი აქტიურად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს და აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ასევე,  CBS-ის ცნობით, ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი და პოლიტიკოსი ჯეკ ფილიური.

Facebook Comments
%d bloggers like this: