პოლიტიკა

სრული აბსურდია, ფაშისტური რეჟიმის მსახური მოსამართლეები დემოკრატიული ქვეყნის სასამართლოს ნაწილი იყვნენ

თუ კობახიძე ფაშიზმს ეძახის წინა რეჟიმს, მაშინ როგორ შეიძლება იმ რეჟიმის მოსამსახურე მოსამართლეები იყვნენ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლების ნაწილი,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფორმა, რა ფორმითაც იურიდიულ კომიტეტში გედევან ფოფხაძეს უფლებამოსილება შეუჩერეს, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ეს იყო შესაძლო პროცედურული დარღვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება. ბექა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ ეს  გედევან ფოფხაძის დასჯას ჰგავდა.

„მთავარი აქ არის შინაარსი, მე ადრეც ვთქვი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება იმ კანდიდატთა სიას, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტში. ადამიანი, რომელიც ცხადად და გამოკვეთილად ეწინააღმდეგება და არა მიკიბვ-მოკიბვით.  ეს იყო ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი. გედევან ფოფხაძე იყო ადამიანი, რომელიც ღიად და ცხადად გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას იმ კანდიდატთა უვადო მოსამართლეებად დანიშვნის წინააღმდეგ.  ვიმედოვნებ,  ადამიანი, რომელსაც კომიტეტი აირჩევს, ასევე იქნება ამ სულისკვეთების გამზიარებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება არასწორი გადაწყვეტილება“,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის თმით, თუ სიაში წარმოდგენილი მოსამართლეები იქნებიან უვადოდ გამწესებულნი, საქართველოს არცერთ მოქალაქეს სასამართლოს მიმართ ნდობა აღარ ექნება.

„უკვე ამ მოსამართლეების წარსულსაც აღარ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, იმდენი ითქვა მათ შესახებ, რომ წარმოიდგინეთ, თუ ისინი გახდებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ, რამდენად დაეცემა მოქალაქეთა თვალში სასამართლოს მიმართ ნდობა. ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას “ ფაშისტურ რეჟიმს უწოდებს. ჩემთვის პირადად ის პინოჩეტის რეჟიმის მსგავსი იყო, თუმცა ჩილეში გადატრიალებიდან 40 წლის შემდეგ, პინოჩეტის რეჟიმის მთელმა სასამართლო კორპუსმა ჩილელ ხალხს ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ პინოჩეტს ემსახურებოდნენ. მე არ მინდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ისეთი ხალხი გამწესდეს, რომლებსაც ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. თუ ჩვენ „ნაცმოძრაობას“ ფაშისტურ რეჟიმს ვუწოდებთ, ის მოსამართლეები, რომლებიც იმ რეჟიმს ემსახურებოდნენ, როგორ შეიძლება,  დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდნენ. ეს სრული აბსურდია.“,-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

Facebook Comments