პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი დააკავეს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ც.-მ 2018 წლის 6 დეკემბერს, გვიან ღამით, აბაშის რაიონის სოფელ გეზათში, აგრესია გამოხატა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების – შალვა მიმინოშვილის და ბაკურ ჭკადუას მიმართ, რომლებიც აღნიშნულ
ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდნენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი და ორივე მათგანს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული პოლიციელები სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გ.ც.-ზე კი ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი გ.ც. წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა”,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: