რელიგია

როგორია საშობაო ტრადიციები

მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ტრადიცია არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი შობის ღამეს ფანჯრის რაფებზე სანთლების ანთებაა, რაც მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. ტრადიციას საფუძველი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციად ქცეული საშობაო ალილო იმართება. ალილოს მონაწილეებს მოსახლეობა ტკბილეულით და სანოვაგით ასაჩუქრებს.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.

რაც შეეხება იმას, თუ რა კერძები ამშვენებს საშობაო სუფრას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შობის აღსანიშნავად სხვადასხვა ტრადიციები არსებობს. მაგალითად, გურიაში შობისთვის საშობაო ღვეზელი ცხვება, ზოგიერთ კუთხეში კი საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი.

ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში დაიბადა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა.

სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში მხსნელი დაიბადა.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

Facebook Comments