მსახიობ რევაზ ნასიძის დედის თქმით, მისმა შვილმა ექიმს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოსთხოვა

Nusagi

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რევაზ ნასიძის დედის, თამარ ნიშნიანიძის თქმით, მან ექიმს არა ნარკოტიკული საშუალება, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოსთხოვა. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

თამარ ნიშნიანიძის თქმით, მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი. მსახიობის დედა ამბობს, რომ რევაზ ნასიძე საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს.

„რეზიმ მომიყვა, ექიმს ვუთხარი, ძალიან მაგარი თავის ტკივილები მაქვს, დამამშვიდებელი გამიკეთეთო. დამამშვიდებელი არ გვაქვსო, უთქვამს ექიმს. მაშინ, მორფიუმი, ან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეთო, უთქვამს. მორფიუმი ჩემგანაც იცის, რადგან ონკოლოგიური პაციენტი ვარ. მორფიუმი იმიტომაა საავადმყოფოში, ადამიანს არანორმალური ტკივილი როცა აქვს, გაუყუჩონ.

ეტყობა, მარტო რომ იყო, თან ძალიან ახალგაზრდა, მორფი რომ ახსენა, ჩათვალეს, რომ ნარკომანი იყო. თავი გამიყუჩეთ, ძალიან ცუდად ვარ, როგორ მელაპარაკებით, ან რა ტონით, ან რა ძმაოებით, ექიმი ხარ თუ ძველი ბიჭიო, რეზის უთქვამს. არა, კარგი ბიჭი ვარო, ექიმს უპასუხია. კაი ბიჭი კი არა, უზრდელი ხარო, შეეპასუხა რეზი. უზრდელიც ხარ და გაუზრდელიცო ექიმს უთქვამს და დაწოლილმა რეზიმ მოიქნია ხელი, რომელიც ექიმს მოხვდა.

მთავარი ექიმი ამბობს, სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაჟეჟილობები აქვს მიღებულიო. საოცარია, რანაიდრად უნდა მიეღო დაჟეჟილობები, დაწოლილი პაციენტის ხელის მოქმევით, რომელიც არ ამდგარა. ეს ინციდენტი რამდენიმე წამში ამოიწურა“, – ამბობს მსახიობის დედა.

როგორც თამარ ნიშნიანიძე ამბობს, საავადმყოფოში გადაყვანამდე, მათ სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც დიმედროლი-ანალგინი გაუკეთა, თუმცა ტკივილები არ გაუყუჩდა.

“3 იანვარს გადასხმები გავუკეთე, 4 იანვარს სასწრაფო გვყავდა, ფილტვებში არაფერი აქვსო, თქვა. სასწრაფოს წასვლის შემდეგ, ძალიან ცუდად გახდა, ისევ სასწრაფო გამოვიძახეთ, ამის ჩანაწერებიც არსებობს. მთელი ღამე 40 ჰქონდა სიცხე. რაღაც მომენტში ბოდავდა, საავადმყოფოდან როდის გამწერენო და შემეშინდა. დილით გული აერია, ფეხზე რომ ადგა – დაეცა, მიშველეთ თავი მისკდებაო. სასწრაფომ საავადმყოფოში 39 სიცხით გადაყვანა. თავის არანორმალური ტკივილი ჰქონდა. ორი თვის წინ, ჰაიმორიტზე იმკურნალა, იფიქრა, ამან ხომ არ გაამწვავაო. სერიოზულ პანიკაში ჩავვარდით, იფიქრა, საავადმყოფოში მაინც გაიგებენ, რა მჭირსო. იქ მორფიუმი მოითხოვა, რომელიც ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია“, – აცხადებს ნიშნიანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმისთვის 1993 წელს დაბადებული რევაზ ნასიძე 7 იანვარს დააკავა. 

ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომელსაც ბადრაგი იცავს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: