ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს

Nusagi

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. მათი თქმით, საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე.

ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის საკანონმდებლო წინადადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების წარდგენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა უნდა იყოს სამართლებრივად რეგულირებული, რომელიც უნდა იცავდეს სამართლებრივი განჭვრეტადობის, ეფექტიანობის, სასამართლო დამოუკიდებლობისა და სხვა ძირითად პრინციპებს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რომელიც ხუთ ძირითად პრინციპს მოიცავს:

1. საკონსუტლაციო ჯგუფის შექმნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი.

საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 7 წევრის შემადგენლობით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეირჩევიან შემდეგი წესით: საქართველოს უზენაესი სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წარადგენს 2 წევრს; საქართველოს სახალხო დამცველი – 2 წევრს; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – 2 წევრს; საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი წარმოადგენს – 1 წევრს;

საკონსულტაციო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას კანდიდატთა შესახებ. საკონსულტაციო ჯგუფის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის.

კანდიდატების შერჩევის პროცედურაში დამატებითი რგოლის, საკონსულტაციო ჯგუფის შემოტანით მინიმუმამდე არის დაყვანილი პროცესის არაკეთილსინდისიერად და სუბიექტურად წარმართვის შესაძლებლობა.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსი ცხადდება ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული სპეციალიზაციების (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი)მიხედვით.

3. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი.

პროექტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კანდიდატთა შერჩევის პროცესის სანდოობისკენ არის მიმართული.

პროცესის მიუკერძოებლად წარმართვის მიზნით  საბჭოს მოქმედ წევრს არ უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი.

4. გასაუბრების ღიად ჩატარება

​კანდიდატთან გასაუბრება უნდა ჩატარდეს საჯაროდ. იუსტიციის უმაღლესი საბჭომ უნდა უზრუნველყოს გასაუბრების ტრანსლაცია საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ კანდიდატთან გასაუბრების პროცესს და დაუსვან კანდიდატს შეკითხვა.

5. გადაწყვეტილების კონსესუსით მიღება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსით, ღია სხდომაზე.

კონსესუსი ყველაზე კარგ საშუალებას წარმოადგენს, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება ისეთ კანდიდატზე, რომელიც ობიექტურად დააკმაყოფილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალპროფესიულ და მორალურ სტანდარტს“, – აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: