15 მარტამდე გაირკვევა იმ თანამშრომლების საკითხი, ვინც პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციაში ვერ დასაქმდებიან

Nusagi

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების ბედი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში ვერ დასაქმდებიან, 15 მარტამდე გაირკვევა.

როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ კრიტერიუმების შემუშავებას დაიწყებს, რომლის თანახმადაც, თანამშრომლებს შეარჩევენ. კრიტერიუმები, მისი თქმით, 15 თებერვლამდე შემუშავდება.

„როგორც იცით, 2019 წლის ბიუჯეტის კანონი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომუშავეთა რიცხოვნობას ნაცვლად 140-სა, რაც შარშანდლამდე იყო, 60 საშტატო ერთეულს განსაზღვრავს. კანონის მოთხოვნაა რეორგანიზაცია, შემცირების გამოცხადება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, სავალდებულია რეორგანიზაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდეს. პირველ ეტაპია პოლიტიკის შემუშავება. ვადა არის 1-დან 30 დღემდე და ჩვენ ამ ვადას მაქსიმალურად გამოვიყენეთ. დღეს უკვე სავალდებულოა სტრუქტურა დაიდოს, რაც განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას. ამის შემდეგ იქნება ერთთვიანი ვადა თავად სტრუქტურის შიგნით დეპარტამენტების ფორმირებისთვის. გაიწერება თითოეული თანამშრომლის უფლება-მოვალეობები. ერთი თვის თავზე თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიგნით გვექნება რაიმე კონკრეტული ვაკანსია არსებულ შტატში დასაქმებული ადამიანისთვის, მას ვთავაზობთ ამ ვაკანსიას, ზოგი შეიძლება დაწინაურდეს, ზოგი გადავიდეს სხვა დეპარტამენტში. თუ მათთვის ვაკანსია არ იქნება, კანონი გვავალდებულებს საჯარო სამსახურის ბიუროს მივმართოთ და ვუთხრათ, რომ გვყავს ამდენი საჯარო მოხელე და შევთავაზოთ იმ ვაკანსიებისთვის, რაც საჯარო სამსახურში შეიძლება იყოს. 15 თებერვლიდან 15 მარტამდე საჯარო სამსახურის ბიურო ეძებს სამსახურს ამა თუ იმ მოხელისთვის. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოხელეების დაკმაყოფილება ხდება, თუმცა, თუ არ მოხდება მათი დაკმაყოფილება, ამის შემდეგ გადადის მოხელე რეზერვში ან თავისუფლდება. ხოლო გათავისუფლების შემთხვევაში, მას კანონის თანახმად ეძლევა 3 თვის თანამდებობის სარგო”, – განაცხადა ჟვანიამ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის მიხედვით შეარჩევენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ჟვანიამ აღნიშნა, რომ ეს კრიტერიუმები 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე პერიოდში გაიწერება.

“ამ პერიოდში გავწერთ კრიტერიუმებს. შეიძლება იყოს თანამდებობა, რომელსაც ორი უცხო ენა მოეთხოვება, ან გამოცდილება, მაგალითად, 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება საჯარო სამსახურში.

სტრუქტურა დღეს გასაჯაროვდება პირველ რიგში თანამშრომლებისთვის, შემდეგ ვებ-გვერდზეც ავტვირთავთ”,- განაცხადა ჟვანიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: