უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრო უამინდობის გამო გზებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ზოგიერთ რეგიონში, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 45კმ-დან 65-ე კილომეტრამდე მონაკვეთი (სოფ. იგოეთთან) ამინდის გაუარესების გამო მოყინულია და ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ადგილზე საგზაო მოძრაობის არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით,”- წერია განცხადებაში.

ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე; თბილისის შემოვლით გზაზე კი იკრძალება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება.

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: