კალაძე: ამ ტრაგედიის ფონზე მერიის დისკრედიტაციის მცდელობაა

Nusagi

დიდი დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც მან განმარტა, მომხდართან კავშირში არაა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.

“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თბილისი მერიის, მთელი ჩვენი გუნდის სახელით აღვუთქვამ სრულ მხარდაჭერას ამ მძიმე წუთებში. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა დანგრეულ შენობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, მაგრამ, სამწუხაროდ, უკან ვერ დავიბრუნებთ გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს. ამ ფაქტმა მთელი საზოგადოება შეძრა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი.

ორი დღეა, არ წყდება ზარები და შეტყობინებები რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, დაეხმარონ დაზარალებულებს სხვადასხვა ფორმით – ფართით, საკვებით და ასე შემდეგ, მადლობას ვუხდი თითოეულ ამ მოქალაქეს სოლიდარობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე აცხადებს, რომ გარკვეული პირები დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობენ.

“გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, უფრო ორივე მგონია, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას. აქვთ მცდელობა, მერიისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს.

გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ რაღაც გაუგებარ ვითომდა, კორუფციულ სქემას. თითქოს, შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის კორუფციული სქემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იკითხებიან კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: