სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ პირები, დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას

Nusagi

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა იმ სასტუმროების მეპატრონეებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ შეიფარეს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებული 75 ადამიანი. ამასთან, კალაძემ იმ ადამიანებზეც ისაუბრა, ვინც დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაში მერიას და პირადად მას ადანაშაულებენ.

„ორი დღეა, არ წყდება ზარები და შეტყობინებები რიგითი მოქალაქეებისგან, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, დაეხმარონ დაზარალებულებს სხვადასხვა ფორმით, ფართით, საკვებით და ასე შემდეგ, მადლობას ვუხდი თითოეულ ამ მოქალაქეს სოლიდარობისთვის.ეს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რთულ მომენტში. ასევე, მადლობას ვუხდი სასტუმროების- „შაინი“, „ტეხასი“, „რუსთაველი 36“ -ს მფლობელებს იმ თანადგომისთვის, რაც ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სრულიად უსასყიდლოდ,  შეიფარეს 75 ადამიანი. თუმცა , სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. აქვთ მცდელობა, მერიისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მერია ამ პირებს არ მისცემ საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

„რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. თანაც ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად მიაბეს მათივე გამოგონილ რაღაც გაუგებარ ვითომდა, კორუფციულ სქემას. თითქოს, შენობა-ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ეს არის კორუფციული სქემა“, – განაცხადა თბილისის მერმა და განმარტა, შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირში არ არის.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ და განმარტა, როგორ ხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება.

როგორც მერმა აღნიშნა, სამშენებლო ნებართვებს გასცემს არქიტექტურის სამსახური. მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილზე მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და უკვე დასრულებული შენობა. ამის შემდეგ კი, ხდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.

„რაც შეეხება კონკრეტულ შენობას, რომელშიც აფეთქება მოხდა, მას ჰქონდა მომართვა, შემოწმდა და დაუდგინდა ხარვეზები, რომლებიც გამოასწორეს, შემოაბრუნეს მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოებას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით გაცემული რეგულაციები. როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ასევე ბუნებრივი აირის, არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული, – განაცხადა კახა კალაძემ .

Facebook Comments
%d bloggers like this: