დავით კალანდია-თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ, დამეხმარეთ. მობრძანდით და სასუსნავი მომიტანეთ.”

Nusagi

,,შევედი დღეს გუდვილში, ორი მოწოწნიკი ავიღე, ვაპირებდი სახლში მშვიდად მისვლას, ნოყიერი სადილის გაკეთებას, მერე მირთმევას და ახალი ამბებით ნერვების მოშლას.
სალაროს მივუახლოვდი, მოწოწნიკები დავდე და ჯიბეში ხურდა ავაჩხრიალე.
-დაგროვების ბარათი გაქვთ?-მკაცრად მკითხა მოლარემ და თვალი თვალში გამიყარა.
გამაცივა!
გამახსენდა, რომ უკანასკნელი ჭორებით, გუდვილში აიკრძალა უდაგროვებობარათიანი კლიენტების შესვლა. მეტის, ვისაც ბარათის გარეშე შეამჩნევენ, იჭერენ, გაყავთ გუდვილის უკანა ეზოში, როზგავენ, მერე ჯვარზე აკრავენ და მკერდის მარჯვენა არეში შუბსაც უყრიან, უფრო რო იწვალოს.
ძალიან გამაცივა, მაგრამ ვიფიქრე, თავს მოვიდურაკებ-მეთქი, რადგან თავის მოდურაკება ყოველთვის კარგად გამომდიოდა და ბევრი გავადურაკე ჩემი მოდურაკებით.
-დაგროვების ბარათი?..ხიხიხიხიხი…რასაკვირველია მაქვს!- და მოლარეს მლიქვნელურად გავუღიმე.
-მომაწოდეთ-ცივად მითხრა მოლარემ და ხელისგული გამომიწოდა.
-ისა…გოგონი…თქვენი სახელი?
-ჩემი სახელი ბეიჯიკზე წერია. ბარათი მომაწოდეთ.
ბეიჯიკზე შავი ასოებით ეწერა „ოლა“. სახელის ქვემოთ კი თავის ქალა და ორი ქათმის ძვალი იყო გამოსახული.
-ჩემო ოლა…რა ლამაზი სახელია…ჩემო ოლა…
-მე თქვენი არა ვარ. ბარათი!
-ძვირფასო ოლა, ბარათი…ბარათი სახლში დამრჩა. და აი ეს…
ციებცხელებურად მოკანკალე ხელით ამოვიღე სამგზავრო ბარათი.
-აი ეს არ გამოდგება? იქნებ ეს გამიტაროთ?
მოლარე ოლამ გრძლად შემომხედა. მერე თქვა:
-თქვენ, მოქალაქე, ხუმრობის ხასიათზე ხართ? 
-რას ბრძა…
-მე კი არ მეხუმრება. მე ჩემ მოვალეობას ვასრულებ. იჩქარეთ, ხალხი გველოდება.
მოვიხედე, ჩემ უკან არავინ იდგა, მაგრამ არ შევეწინააღმდეგე, სიტუაცია რომ არ გამემწვავებინა.
სამგზავრო ბარათი დავაბრუნე გამოხეული შარვლის ჯიბეში და თავი დამნაშავედ ჩავქინდრე.
-დამრჩა ბარათი… -ვთქვი და სასლუკუნოდ მოვემზადე.
-და თქვენ, საერთოდ, ბარათი გაქვთ?-ეჭვიანად მკითხა მოლარემ.
ბარათი მე არ მქონდა, და უკვე, ალბათ, აღარც მექნებოდა, მაგრამ აქ ჩემმა გამჭრიახობამ არ მიღალათა. გამახსენდა, რომ ჩემი მეზობელი, ინდური მაღაზიის გამყიდველი, დადის გუდვილში და ასიანი ბარათიც ექნება, რადგან ძალიან მოწესრიგებული მამაკაცია.
-კი, მაქვს, რასაკვირველია. აბა შეამოწმეთ!
-სახელი!
-ბჰაგავატა.
-გვარი!
-გიტა.
მოლარემ თითები სალაროს კომპიუტერეზე აათამაშა. მერე დააკვირდა ეკრანს. 
მერე მე შემომხედა.
მერე ისევ ეკრანს.
მერე ისევ მე.
-ეს თქვენ ხართ?-მითხრა და ეკრანი ჩემკენ მოატრიალა.
ეკრანზე ბჰაგავატას შავი ფერის სახე იყო გამოსახული, მწვანე ჩალმითა და ცხვირში ოქროს რკალით.
-მე ვარ, რა არ ვგავარ? უბრალოდ, დღეს ნაბანავები ვარ და ამიტომაც ვარ ფერმქრთალად.
-პირადობა მანახეთ!
-პირადობაც სახლში დამრჩა, ლაპატნიკში.
-თავი რატომ არ დაგრჩათ!
ეს ფრაზა უკნიდან მომესმა. ნელა მოვტრიალდი და გორილასებური დაცვის ბიჭი იდგა ჩემს უკან, ხელში ელექტროშოკს აწკაპუნებდა, პირიდან ბოლი სდიოდა, თვალებში კი მკვლელობის სურვილი ენთო.
მივხვდი, რომ გამშიფრეს. მოვისროლე მოწოწნიკები, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ, ვიყვირე:
-ვერ დამიჯერთ, ბოზებო!
და გამოვიქეცი.
ისეთი სიმარდით გავრბოდი, რომ პირველ მარათონელს, ცხონებულ ფილიპიდეს შეშურდებოდა.
მანძილიც ორჯერ მარათონული გავირბინე, კვალი რომ ამერია და ვერ მოვეძებნე.
მოკლედ, ახლა მიმალვაში ვარ, მუშტაიდის პარკში ვცხოვრობ, ნავების აუზში მაქვს სპალნიკი გაშლილი, და თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ, დამეხმარეთ. მობრძანდით და სასუსნავი მომიტანეთ. ოღონდ მანანის ფაფა არ მომიტანოთ, მანანაზე ალერგია მაქვს….!!”

დავით კალანდიას ფეისბუქ-გვერდიდან

Facebook Comments
%d bloggers like this: