ვენესუელის პრეზიდენტმა აშშ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა

Nusagi

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობს, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AVN იუწყება.

„ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიალისტური ხელისუფლება ცდილობს, ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს და ქვეყანაზე კონტროლი დაამყაროს“,-განაცხადა მან.

მადურომ აღნიშნა, რომ აშშ-სთან წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს. მან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს 72 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად. მადურომ ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიკერძოებული გაშუქებისთვის.

მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები მადუროს მხარდასაჭერად მიტინგზე გამოვიდნენ, ამავდროულად, კარაკასში ოპოზიციის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქციები იმართება.

მადურო სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიოდმ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მეთაურის მოვალეობას სამხედროების დახმარებით შეასრულებს, რათა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, აშშ უარს ამბობს ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტაზე. სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ არ აპირებს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ვენესუელასთან და მხარს უჭერს ქვეყნის დროებით მმართველ ხუან გუაიდოს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: