მოგზაურობა

რუსეთის გენპროკურატურა მე-20 საუკუნის საიდუმლოებით მოცული ტრაგედიის საქმეს ხელახლა გამოიძიებს


1 თებერვალს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ურალში, 1959 წელს დიატლოვის ტურისტული ჯგუფის დაღუპვის სისხლის სამართლის საქმეს თავიდან გამოიძიებს.

ამ დროისთვის არსებობს 75 ვერსია, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო 60 წლის წინ, 2 თებერვალს. პროკურორები აპირებენ წერტილი დაუსვან ამ ისტორიას. მათ მოუწევთ, გაარკვიონ, რა გახდა 9 ახალგაზრდა ტურისტის დაღუპვის მიზეზი, რასაც სხვადასხვა დროს ხან დათვებს მიაწერდნენ, ხან კოსმოსიდან ჩამოსულებს ხან კი, სპეცსამსახურებს. დღეს რუსულმა პრესამ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული შემთხვევა გაიხსენა.

ტურისტული ჯგუფი, რომელსაც სახელად „ხიბინა“ უწოდეს, 22 წლის სვერდლოვსკის მკვიდრმა, მე-5 კურსის სტუდენტმა იგორ დიატლოვმა შეკრიბა. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას მოგზაურობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. ასეთივე გამოცდილები იყვნენ ჯგუფის დანარჩენი წევრები, რომელთა ასაკიც 19-დან 38 წლამდე იყო. 

„ხიბინას“ წევრებმა გადაწყვიტეს, მოგზაურობა ისეთ პირობებსა და ადგილებში განეხორციელებინათ, რომელსაც სირთულის მიხედვით მე-3, ყველაზე მაღალი ხარისხის კატეგორია მიენიჭებოდა. ამასთან დაკავშირებით, შედგა მარშრუტი, რომელიც ქალაქის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტთან შეთანხმდა. 

10-კაციანი ჯგუფის წევრები სვერდლოვსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში თხილამურებით გავლას, ოტორტენისა და ოიკა-ჩაკურის სიმაღლეების დაპყრობას და სოფელ ვიჟაიში მოგზაურობის დასრულებას გეგმავდნენ. მთელი მარშრუტი 19 დღეზე იყო გათვლილი, თუმცა ტურისტები 16 დღეში აპირებდნენ მიზნის მიღწევას. ამავდროულად, ჩრდილოეთ ურალში მსვლელობისთვის კიდევ ერთი ჯგუფი დაიძრა, თუმცა მან 25-დღიანი ტური და ნაკლებად ექსტრემალური პირობები აირჩია.

დიატლოვის ჯგუფმა სტარტი 23 იანვარს აიღო, მაგრამ 27 იანვარს მას ერთი ადამიანი გამოაკლდა. 21 წლის იური იუდინს ფეხის გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო და მოგზაურობის გაგრძელება ვერ შეძლო. „ხიბინა“ მას დაემშვიდობა და გზა გააგრძელა. მაშინ იუდინს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ფეხის ტკივილმა მას ფაქტიურად, სიცოცხლე შეუნარჩუნა.

დარჩენილი 9 წევრი მდინარე ლოზვას აღმა აუყვა და 17:30 სთ-ზე ღამის გასათევად გაჩერდა. ეძინათ ერთ დიდ კარავში, რომელიც სპეციალურად ამ მოგზაურობისთვის შეიკერა. შემდეგ დღეებში ჯგუფის წევრები მდინარე სუსპის გასწვრივ მიდიოდნენ ბილიკებით, რომელიც გაკვალული იყო მანსელების, – ჩრდილოელი იდუმალი ხალხის მიერ, რომელსაც დამწერლობა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ჰქონდა.

ჯგუფის წევრები ჩანაწერებში აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად – 24 გრადუსისა, მდინარეები გაყინული არ იყო, რაც საშუალებას აძლევდათ, მარშრუტისთვის არ გადაეხვიათ. 31 იანვარს ტურისტების ლოზვას გადასასვლელთან მივიდნენ, თუმცა ღამის გათევის შეეშინდათ, რადგან ძლიერი ქარიშხალი იყო. დიატლოვის ჩანაწერებში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, დაბრუნებულიყვნენ უკან, აუსპიასთან და ღამე იქ გაეტარებინათ, დილიდან კი, განახლებული ძალით გზა გაეგრძელებინათ.

ღამე მიცვალებულების მთაზე

დილით დიატლოვის ჯგუფმა გზა გააგრძელა. მათ ის ადგილი უნდა გაევლოთ, რომელიც მანსის ტომის ხალხისთვის მისტიკურად ითვლებოდა. ლეგენდის თანახმად, აქ მათი 9 თანამემამულე მოკლეს და სწორედ ამიტომ, მანსებმა მთას მიცვალებულების მთა დაარქვეს. სწორედ ამ მთას მიაღწიეს ტურისტებმა და ღამის გასათევად გაჩერდნენ. ამის შემდგომ, მათი ბედი დღემდე ბურუსითაა მოცული.

ახალგაზრდების მშობლები და ახლობლები მოუთმენლად ელოდნენ 10 თებერვალს, როცა დიატლოვის ჯგუფს მოგზაურობა ტრიუმფით უნდა დაესრულებინა და ვიჟაიდან სვერდლოვსკში დეპეშა გაეგზავნა. პანიკა 15 თებერვალს ატყდა, როდესაც ჯგუფი მატარბლით სვერდლოვსკში უნდა ჩასულიყო, თუმცა არავინ გამოჩნდა. ნათესავები ვიჟაის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ, საიდანაც შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიიღეს- დიატლოვის ჯგუფის არცერთი წევრი არ ჩანდა. 

ძებნა 20 თებერვალს დაიწყო, მანამდე დიდი ხანი ვერ შეძლეს დაედგინათ ტურისტების გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, რადგან დიატლოვს შეცდომით, მარშრუტის არსებული სამივე ეგზემპლიარი თან ჰქონდა წაღებული. საბოლოოდ, ერთ-ერთი დაკარგულის დამ გაიხსენა, რომ ძმამ მარშრუტი ერთ-ერთ თავის ლექტორს შეუთანხმა, რომელიც სასწრაფოდ მოძებნეს და მისი დახმარებით დაიწყეს საძიებო სამუშაოები.

დიატლოვის ნაკვალევს 12 სამაშველო ჯგუფი გაყვა, მათ შორის იყვნენ მაშველები, სამხედროები და ადგილობრივი მცხოვრებლები, მალე ავიაციაც ჩაერთო.

 პირველ წარმატებად ჯგუფის მიერ მიტოვებული კარვის პოვნა ითვლება, რომელიც ნახევრად თოვლით იყო დაფარული. ნაჭერი კი, მთლიანად დანით დაჭრილი. ამ გარემოებამ ერთ-ერთი მთავარი ვერსია გააჩინა – თავდასხმა. გამოიკვეთა ეჭვმიტანილებიც – მანსის ტომის რამდენიმე ოჯახი. უცნობია, როგორ დამთავრდებოდა გამოძიება აბორიგენების წინააღმდეგ, რომ არა ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც ცხადყო, რომ კარავი დანით შიგნიდან დაჭრეს და არა გარედან: ტურისტებიდან რომელიღაც ცდილობდა, რაც შეიძლება, მალე გასულიყო კარვიდან. სისხლის სამართლის საქმე „მკვლელობის“ მუხლით დაიხურა. 

 სამაშველო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩანაწერებიდან: 

„თოვლზე ადამიანების ნაფეხურები ჩანდა, რომელიც კარვიდან გამოდიოდა, ამასთან, ჩანდა, რომ ნაკვალევი ფეხსაცმლიანი ფეხებით არ იყო დატოვებული. კარვიდან ერთ მეტრში ნაპოვნია სათხილამურო ქუდები, ჩუსტები და სხვა ნივთები. არ მიმიქცევია ყურადღება, რამდენი ნაკვალევი იყო, მაგრამ ჩანდა, რომ თავიდან ერთად მიდიოდნენ, შემდეგ კი, სხვადასხვა გზით“.

კარავში ეყარა ზურგჩანთები, ქურთუკები, საბნები, ჩაიდანი, ხერხი, მაგრამ არ იყო გვამები. ამიტომ, მაშველებს იმედი მიეცათ, რომ დაკარგულები შეიძლება ცოცხლები ყოფილიყვნენ, თუმცა კარვიდან დაახლოებით 1,5 კმ-ში, დიდი კედრის ქვეშ ორი ცხედარი იპოვეს. ესენი იყვნენ 21 წლის მე-4 კურსის სტუდენტი იური დოროშენკო და 24 წლის სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებული გიორგი კრივონიშჩენკო.

ტანსაცმელი არც ერთს არ ეცვა. ორივე მათგანი მხოლოდ საცვლებში იყო.

ადგილის დათვალიერების შესახებ პროტოკოლში წერია, რომ გიორგი კრივორიშჩენკოს მხოლოდ ერთი წინდა ეცვა, მეორე კი, კოცონთან ნახევრად დამწვარი ეგდო, მარჯვენა ხელზე კანი დამწვარი, საჩვენებელი თითი კი, დაზიანებული ჰქონდა. სხეულს სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა. მეორეს, მარცხენა ხელზე თითი დასისხლიანებული, ასევე სისხლიანი  ჰქონდა ყური და ცხვირი. 

მაშველები შოკისგან ჯერ არ იყვნენ გამოსულები, რომ სამძებრო ჯგუფის სხვა წევრებმა, ადგილობრივმა მანსის ტომის მცხოვრებმა მონადირეებმა ცუდი ამბავი მოიტანეს, ჭადრიდან 300 მეტრში დიატლოვის გვამი აღმოჩნდა, რომელიც განსხვავებით იმ ორისგან, მთლიანად ჩაცმული იყო, თუმცა ამან გაყინვისგან ვერ გადაარჩინა. სამივე მათგანი ჰიპოთერმიით იყო გარდაცვლილი. სიკვდილის ასეთივე მიზეზი დაუდგინდა ჯგუფის 22 წლის წევრ გოგონას, ზინაიდა კოლმოგოროვას, რომელიც დიატლოვის ცხედრიდან 330 მეტრში ძაღლმა იპოვა. გოგონას ფეხსაცმელი არ ეცვა, სახეზე კი ცხვირიდან სისხლდენის კვალი ეტყობოდა. 

5 მარტს, სპეციალური ზონდების მეშვეობით, იპოვეს ჯგუფის მეხუთე წევრის, 23 წლის სტუდენტის, რუსტამ სლობოდინის გვამი. ახალგაზრდას გაურკვეველ ვითარებაში მიღებული ჰქონდა თავის ქალის ტრავმა. სიკვდილის წინ ისევე, როგორც ზინაიდას, ცხვირიდან სისხლდენის კვალი ჰქონდა. ცხედარს 20 სმ. სისქის თოვლი ფარავდა. 

რამდენიმე თვე წარუმატებელი იყო დარჩენილი 4 ადამიანის ძებნა, მათი ცხედრების პოვნა მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როდესაც თოვლმა დნობა დაიწყო. ესენი იყვნენ 20 წლის ლუდმილა დუბინინა, 23 წლის ნიკოლაი ტიბო-ბრინიოლი, 38 წლის სემიონ ზოლოტარევი და ალექსანდრ კოლევატოვი.  ისინი თავშესაფრის მოწყობას კედრიდან 75 მეტრში, მდინარესთან ცდილობდნენ, თოვლში პატარა ორმოს გამოთხრაც მოესწროთ, რომელშიც ნაძვისა და არყის ტოტები იყო ჩაფენილი. მაგრამ საუბედუროდ, თავშესაფარი ჩაინგრა და ოთხივე მათგანი 2 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. დუბინინამ, ტიბო-ბრინოლმა და ზოლოტარიოვმა თავისა და ნეკნების სერიოზული ტრავმები მიიღეს და სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი, კოლევატოვი კი ისევე, როგორც მისი ხუთი მეგობარი, ჰიპოთერმიით დაიღუპა.

არსებობს ტრაგედიის უამრავი ვერსია, თუმცა მთავარ ინტრიგად რჩება ის, თუ რატომ გაიქცნენ ახალგაზრდები კარვიდან. მათგან რამდენიმეს ხომ ფეხსაცმლის ჩაცმაც დაავიწყდა. მეორე საინტერესო დეტალია ის, რომ რამდენიმე გარდაცვლილის ტანსაცმელზე რადიაციის კვალი აღმოჩნდა. სწორედ ამან დაბადა კონსპირაციის თეორია, თითქოს დიატლოვის გუნდი შემთხვევით, სპეცსამსახურების მიერ ახალი იარაღის გამოცდის მოწმე გახდა. თეორიას ისიც ამყარებდა, რომ სწორედ იმ დღეს, 2 თებერვალს, რომელიც ექსპერტების აზრით, ახალგაზრდების გარდაცვალების დღედ ითვლება, ადგილობრივებმა ცაში უცნაური ნათება, „ცეცხლოვანი ბურთი“ შენიშნეს.

მომხდარის ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური ახსნა კი, ასე გამოიყურება: ტურისტებით სავსე კარავს თოვლის ზვავი დაეცა, რომლიც კარვის დადგმისას ჯგუფის წევრების მოძრაობამ გამოიწვია. ზვავის ქვეშ მოყოლის შიშით, ტურისტებმა კარავი გაჭრეს, გარეთ გამოიქცნენ და ქვემოთ, მდინარისკენ წავიდნენ. კედართან ცეცხლის დასანთებად კროვინიშჩენკო და დოროშენკო დატოვეს. დანარჩენები მდინარისკენ წავიდნენ, რომ თავშესაფარი მოეწყოთ. როდესაც მორჩნენ და უკან, კედართან დაბრუნდნენ, იქ გაყინული მეგობრების ცხედრები დახვდათ, რომლებმაც ცეცხლის დანთება ვერ შეძლეს. სწორედ ამაო ცდისგან ჰქონდა ორივე მათგანს დამწვარი თითები და ტანსაცმლის ნაკუწები, რომლის დახმარებითაც ცდილობდნენ კოცონის დანთებას. შოკირებულმა ტურისტებმა, რომლებიც ამავე დროს სიცივისგან იყინებოდნენ, გახადეს ცხედრებს ტანსაცმელი და ერთმანეთში გაინაწილეს. 

შემდეგ ისევ თავშესაფრისკენ გაემართნენ, თუმცა მოთავსდნენ თუ არა, გამოქვაბული ჩამოინგრა და თოვლის ქვეშ დუბინინა, ტიბო-ბრინოლი და ზოლოტარიოვი მოყვნენ. ცოცხლად დამარხულებმა ამოსვლა მოახერხეს, მაგრამ მათი მდგომარეობა კრიტიკულია. დუბინინას და ტიბო-ბრიოლს ნეკნები აქვთ ჩამტვრეული, ზოლოტარიოვს კი თავის ფუძის ტრავმა აქვს. სლობოდინს თავი აქვს ძლიერად დარტყმული, თუმცა თავის მდგომარეობას ვერ აფასებს. 

დიატლოვმა, კოლმოგოროვამ და სლობოდინმა კარავთან დაბრუნება გადაწყვიტეს მედიკამენტების მოსატანად, ადგილზე კოლევატოვი რჩება. თუმცა, მამაცი სამეული გზაში იყინება ისე, რომ გადასასვლელამდე ვერ აღწევს. იგივე ბედი ეწია დაშავებულ ტურისტებს და მათთან ერთად დარჩენილ კოლევატოვს.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ვერსია, არავინ იცის, რადგან არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომელსაც, ცნობილი მონადირე,80 წლის ანატოლი სტეპანოვი ყვება. მისი თქმით, წლების წინ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ტურისტებმა ხანტების წმინდა ადგილი გაქურდეს, სადაც ძვირფასეულობა ინახებოდა. ხანტებმა შეკრიბეს მონადირეები და დაიწყეს ახალგაზრდების ძებნა. როდესაც მიაგნეს, დაელოდნენ დაღამებას,  თავს დაესხნენ კარავს და დახოცეს სტუდენტები. 

მხარის გუბერნატორის თქმით, 1959 წლის 2 თებერვლის მოვლენების მასალები მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თანაც არა რეგიონულ, არამედ ფედერალურ დონეზე. მასთან წვდომა კი მხოლოდ ფედერალურ ხელისუფლებას და რუსეთის უშიშროებას აქვს. 

ადგილს, სადაც ტრაგედია დატრიალდა, დიატლოვის გადასასვლელი ეწოდა, საზარელ შემთხვევაზე მცირე ზომის მემორიალი მიანიშნებს, რომელზეც დაღუპულების სახელები და ფოტოებია.

მამაცმა ტურისტებმა საბოლოო განსასვენებელი ქალაქის სასაფლაოზე დაიდეს. მათთან ერთად არის ჯგუფის მე-10 წევრის, იური იუდინის საფლავიც, რომელიც 1959 წელს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მან დიდხანს იცოცხლა, იყო ქალაქის ტურისტული კლუბის ხელმძღვანელი და სოლიკამსკის მერის მოადგილე. დიატლოვის ჯგუფის ბოლო წევრი 2013 წელს გარდაიცვალა.  

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni