კრიმინალი

ქართველი, რომელმაც ბელგიაში ბანკი გაქურდა, კონან დოილის მოთხრობის სცენარით მოქმედებდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში დააკავეს 27 წლის ბელგიის მოქალაქე, რომელიც წარმოშობით ქართველია. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ბელგიური მედია იუწყება.

მედიის ინფორმაციით,  ბანკის, BNP Paribas ფილიალი კონან დოილის მოთხრობის, „ჟღალთმიანთა კავშირი“ სცენარით გაიქურდა. თუმცა შერლოკ ჰოლმსისგან განსხვავებით, საქმის მონაწილე კიდევ რამდენიმე პირის დაკავება პოლიციამ ვერ შეძლო.

ბოროტმოქმედებმა ბანკის გვერდით ბინა დაიქირავეს, რომლის ქვეშაც გვირაბი გათხარეს. ეს ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან გვირაბმა საკანალიზაციო სისტემაზე გაიარა. იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი წვიმა მოვიდოდა, დიდი შანსი იყო, რომ ისინი ვიწრო მილებში დამხრჩვალიყვნენ.

ერთადერთი მოწმე  ბინის მეპატრონეა, საიდანაც გვირაბი გაითხარა. მისი თქმით, ძველი ბინა უცნობ მამაკაცს მიაქირავა და წარმოუდგენლად დიდი თანხა აიღო ქირის სახით. 

ბოროტმოქმედებმა ბანკის კლიენტების საცავები გაქურდეს და იქ შენახული მთელი ძვირფასეულობა წაიღეს. ბანკმა ჯერჯერობით ვერ გაარკვია ნაძარცვის სრული ღირებულება, რადგან გაქურდული საცავებში არსებული ძვირფასეულობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მათ პატრონებს აქვთ. 

პოლიციის ვარაუდით, საქმეში კიდევ 2 ადამიანი ფიგურირებს. 

Facebook Comments