სამართალი

ადვოკატი -მამა გიორგის ინსულტის ნიშნები აქვს

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგის ინსულტის ნიშნები აქვს და დგინდება, თუ რამ გამოიწვია მარჯვენა ხელ-ფეხის შეზღუდვა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, პირადად ინახულა დეკანოზი და მას სტაბილური მდგომარეობა არ აქვს.

„არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. პირადად შევხვდი მამა გიორგის. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკიდან გაწერა გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს. ინსულტის ნიშნები არის, მაგრამ კერას ვერ ნახულობენ. მაგის ძიებაში არიან,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც, რაც მისი ძმის, თორნიკე მამალაძის საპატრიარქოსთან აქციებს უკავშირდება.

როგორც ბრალდებულის ძმა აცხადებს, დღეს მას ღუდუშაურის კლინიკაში ძმის მონახულების საშუალებას მისცემენ.

„ღამით, 12-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ძმა ცუდად იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე, დღის 2 საათზე ჰქონია ჩემს ძმას შეტევა და 3-4 საათზე გადაიყვანეს კლინიკაში. ექიმმა მითხრა, გადარჩა, რადგან მისი ორგანიზმი ახალგაზრდაა, ინსულტის განმეორების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებაო. თავიდანვე, როცა საპატრიარქოსთან მივედით, ვამბობდით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა, ამ არაადამიანებმა ეს ყურადაც არ იღეს, არც შესულან მასთან“, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მისივე განმარტებით, საპატრიარქოდან დეკანოზის  მოსანახულებლად არავინ მისულა.

„როცა ციხიდან დამირეკეს და მითხრეს რაც მოხდა, საპატრიარქოში დავრეკე და საქმის კურსში ჩავაყენე, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ ისურვა მისვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც საპატრიარქოში არიან, ჩემი ძმის სრულად განადგურება უნდათ, მაგრამ ერთს ვიტყვი, ვერ ეღირსებიან ვერასდროს! ნუთუ ვერაფრით ვუშველი ჩემს უდანაშაულო ძმას?! მას რომ რამე მოუვიდეს, ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ“, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წუხელ, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni