მოგზაურობა

პირველი თავზეხელაღებული ქართველი, რომელიც ევროპის გარშემო სკუტერით მოგზაურობს

28 წლის ჯაბა ჩარგაზია პირველი ქართველია, რომელიც ევროპის გარშემო სამოგზაუროდ მარტო, სკუტერით გაემგზავრა. 

ჯაბამ სტარტი 10 თებერვალს თბილისიდან აიღო და Honda Navi-ს უახლესი მოდელის სკუტერით, რომლის მაქსიმალური სიჩქარეა 81 კმ/სთ, ლისაბონამდე ჩავა და უკან, საქართველოში დაბრუნდება. უცნაური და თამამი მოგზაურობა დაახლოებით 2 თვეს გასტანს და 21 ქვეყნის 44 ქალაქს მოიცავს. 

„ჩემი ცხოვრება თავგადასავლებით არ გამოირჩეოდა. ბოლოს ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში პროტოკოლის სპეციალისტად ვმუშაობდი. 18 წლიდან მოყოლებული, არასდროს მქონია თავისუფალი დრო და ის სახსრები, რომ რამე დიდი, მასშტაბური მოგზაურობა დამეგეგმა. თუმცა გადავწყვიტე, რომ ცვლილებების დრო დადგა“,-ამბობს გაბედული მოგზაური. 

ამჟამად ჯაბა უკვე ალბანეთში, ქ. შკიოდერში იმყოფება, სადაც ის საბერძნეთიდან გადავიდა. „ინფო ფოსტალიონი“ მას სწორედ იქ დაუკავშირდა.

ჯაბამ გვითხრა, რომ ხვალ მონტენეგროს დედაქალაქს, პოდგორიცას გაივლის და ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში ჩავა.

როგორც თვითონ ამბობს, 10 -დღიანი მოგზაურობის მანძილზე სიძნელე მხოლოდ თურქეთის უღელტეხილზე შეხვდა, სადაც სიბნელე, თოვლი და საშინელი ყინვა იყო. კურიოზი კი, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი ახსენდება – საბერძნეთის ავტობანზე იეღოვას მოწმეები იდგნენ სტენდით და ბუკლეტებით. მათ ჯაბას ბუკლეტი მიაწოდეს, რომელიც ქართულ ენაზე იყო. 

„რაც საბერძნეთში გადმოვედი, მას შემდეგ მზიანი ამინდებია და სასიამოვნოა ტარებაც და მოგზაურობაც. ხალხთან და საზღვრებზე პრობლემა არ მქონია“,-ამბობს ჯაბა.

რაც შეეხება, სკუტერს, ახალგაზრდა მოგზაური დარწმუნებულია, რომ Honda Navi-სთან პრობლემები არ ექნება.

„საქართველოში წინასწარ გავიკითხე და ისეთებისთვის გაუძლია, რომ ევროპის გზებზე და ევროპულ ბენზინზე არაფერი გაუჭირდება. ​ყოველი შემთხვევისთვის, ცვეთადი ნაწილები თან მაქვს და ტრენინგიც გავიარე, როგორ უნდა შევცვალო. ეგეც რომ არა, რომელიმე ქვეყანაში „ჰონდას“ ცენტრში მივალ და ტექდათვალიერებას გავაკეთებინებ“,-ამბობს ჯაბა ჩარგაზია. 

„ინფო ფოსტალიონი“ ჯაბას სასიამოვნო, უსაფრთხო მოგზაურობას და საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს.

ჯაბა ჩარგაზიას მოგზაურობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფეისბუქგვერდზე „ჯაბას ტური“


Facebook Comments