პოლიტიკა სამართალი

ურჩხულად ქცეული მოსამართლეთა კლანი მაგათაც რომ გადაყლაპავს, მერე ჩვენ როგორ გადავრჩებით მე ის მაწუხებს

ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური სუბიექტი მეორედ არჩევის შემდეგ სრულიად კარგავს რეალობის შეგრძნებას და ქვეყნის მართვის ნაცვლად, ქვეყნის მისაკუთრებას ლამობს. ჰოდა, იქ იწყება დასასრული,- ასეთი განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლია მუხაშავრიამ ipn-სთან ინტერვიუში.

უფლებადამცველის განცხადებით, ეს არის ჩვენი უახლესი გამოცდილების ყველაზე ნათელი მაგალითი. 

„და მაინც, წრეზე დავდივართ. არა მარტო „ოცნება” დაემსგავსა „ნაცმოძრაობას,” იგივე მოუვიდა „მრგვალ მაგიდას” თავის დროზე. მე მაინტერესებს, კიდევ რამდენ სუბიექტს უნდა დაემართოს ეს უბედურება, რომ უფრო ჯანსაღი პოლიტიკური რეალობა მივიღოთ?“,-განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

მისივე თქმით, მოსამართლეთა კლანი იმაზე მეტად „ყოჩაღი და შორსმჭვრეტელი“ აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეგონა.

„მოსამართლეებმა სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა რომ მოახერხეს, შემდეგ მოუნდათ იმუნიტეტი სამიდღემჩიოდ და სიკვდილამდე პრივილეგიების განაღდება. მთავარია ივანიშვილთან შეათანხმო და დადო გარიგება, დანარჩენი ავტომატურად დაეთანხმება რასაც ზემოდან ეტყვიან.

ჰოდა, ისე კარგად გამოუვიდათ ეს ამბავი, რომ სრულიად მოულოდნელად მურუსიძე მსხვერპლად იქცა, ახლა ნერგობაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ ამასობაში ამ კლანს ეცოტავა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მანტია და უზენაესის მანტია მოუნდა. ვინ დაუშლიდა?ბესელიამ მოინდომა, მაგრამ რა გამოვიდა ამ საქმიდან, დღეს ყველა ვხედავთ.

ჰოდა, მინდა მავანს ვუთხრა – მოსამართლეთა კლანი უკვე საშიში ურჩხულია და შეიძლება ძალიან მალე თქვენვე გადაყლაპოთ, ფრთხილად!

აქაც უნდა ვთქვა – მაგათაც რომ გადაყლაპავს, მერე ჩვენ როგორ გადავრჩებით მე ის მაწუხებს, თორემ ვირთხის გამოყვანის პროცესს რომ ვუყურებთ, მგონი, ცხადია. წინ გავიხედოთ, ბატონებო და ვიფიქროთ რამდენად საშიშია სამიდღემჩიოდ გამწესებული უზნეო და უპრინციპო მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო, რომელიც მომავალ 4-5 პარლამენტს მაინც მოინელებს“,-აცხადებს უფლებადამცველი ილია მუხაშავრია.

Facebook Comments