ხელოვნება და კულტურა

80 წლის ანგელოზების მარკიზა – მიშელ მერსიე ისევ მომხიბვლელია

მაყურებლის უმრავლესობისთვის მიშელ მერსიე ცნობილია ანჟელიკას როლით ფილმში, რომელიც ან და სერჟ გოლონების იმავე სახელწოდების რომანების სერიის მიხედვით გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მიშელ მერსიემ 50-მდე სხვა ფილმში ითამაშა, ანჟელიკას როლი სამუდამოდ მისი სახე გახდა.

თავიდან ეს მსახიობს აღიზიანებდა, თუმცა, შემდეგ მიეჩვია და მიიღო ანჟელიკა, როგორც ახლობელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მასთანაა. 

ჟოსლინ ივონ მერსიე 1939 წელს, ნიცაში დაიბადა. მშობლებს სააფთიაქო ბიზნესი ჰქონდათ და უნდოდათ, შვილს მათი საქმე გაეგრძელებინა, მაგრამ ჟოსლინი ბალერინობაზე ოცნებობდა. კინოში თავისი გარეგნობის წყალობით მოხვდა, სახელად კი, გარდაცვლილი უმცროსი დის, მიშელის სახელი დაირქვა.

1964 წელს მან მსოფლიო წარმატება მოიპოვა- გამოვიდა ფილმი „ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა“. 1965-68 წლებში რომანის კიდევ 4 ეპიზოდის ეკრანიზაცია განხორციელდა.

პირად ცხოვრებაში მიშელ მერსიე იღბლიანი არ გამოდგა, ოთხჯერ იყო გათხოვილი, თუმცა დღეს 80 წლის მსახიობი კვლავ მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ისევ მარტოა და არც შვილი ჰყავს.

ოთხი ქმრიდან ერთ-ერთმა გაშორების წინ  გაქურდა და მსახიობი ცარიელ-ტარიელი დატოვა.

ფილმებმა მიშელ მერსიე მსოფლიოში ცნობილ ადამიანად აქცია, თუმცა ქონება არ მოუტანია. როლებში მსახიობი მხოლოდ ჰონორარს იღებდა, ფილმის მოგებიდან კი არაფერი ხვდებოდა. ამიტომ, დღეს ის შეძლებულ ადამიანად არ ითვლება.

2017 წლის კანის ფესტივალზე მიშელ მერსიე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მიუხედავად ასაკისა, ანგელოზების მარკიზა წითელ ხალიჩაზე კვლავ მომხიბვლელად გამოიყურებოდა. 


Facebook Comments