ხელოვნება და კულტურა

ჰოლივუდის „მკაცრი ბიჭი”, მსახიობი ჰემფრი ბოგარტი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო

ჰოლივუდის „მკაცრი ბიჭი”, მსახიობი ჰემფრი ბოგარტი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, მისმა მესამე ცოლმა ერთ-ერთ წვეულებაზე იგი მხარში დაჭრა და მოკვლით დაემუქრა.

არავინ იფიქრებდა, რომ ჰოლივუდის ოქროს ხანის უდიდესი ვარსკვლავი, „მალტის მიმინოს“ მთავარი გმირი ჰოლივუდის სკანდალური ქორწინების მსხვერპლი იქნებოდა.

გარდა იმისა, რომ ბოგარტი , ამერიკული კულტურის ერთ-ერთი სიმბოლო, ცნობილია თავისი განუმეორებელი სამსახიობო ტექნიკით, ის ასევე ახსოვთ მსახიობ ლორენ ბეკოლთან ურთიერთობით. თუმცა, სანამ „ჰოლივუდის სასიყვარულო ისტორიაში“ გაბმული აღმოჩნდებოდა, ბოგი საშინელი, ძალადობრივი ქორწინების მსხვერპლი იყო.

1938 წლის 21 აგვისტოს ბოგარტმა მესამედ იქორწინა მსახიობ მეიო მეთოტზე, რომელიც ფხიზელ მდგომარეობაში მშვიდი და მეგობრული იყო, მაგრამ როდესაც დალევდა პარანოიდი და ფსიქოპატი ხდებოდა.

ბოგარტი მანამდე დაქორწინებული იყო მსახიობებზე ელენ მენკენზე და მერი ფილიპზე. ის  თავის წინა განქორწინებებს ცოლების კარიერას და მათთან ხანგრძლივ განშორებას აბრალებდა.

მეთოტის და ბოგარტის ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ მეთოტმა დაანება თავი სამსახიობო კარიერას. ცნობილი ჰოლივუდური წყვილის ქორწინება მშვიდი არ ყოფილა. ორივე ბევრს სვამდა, ხოლო მეთოტმა, თავისი ექსცესებით მოძალადის რეპუტაცია დაიმკვიდრა. წყვილი პრესაში „მოჩხუბარი ბოგარტების“ სახელით იყო ცნობილი. მეთოტს თავისი აგრესიულობის გამო „მოჩხუბარ ყვავს“ უწოდებდნენ.

ბოგარტმა მოგვიანებით თავის იახტას „მოჩხუბარი ყვავი“ დაარქვა ცოლის პატივსაცემად.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბოგარტები ევროპაში მოგზაურობდნენ საჯარისო ნაწილებისთვის წარმოდგენების გასამართად. მოგზაურობის დროს ისინი იტალიაში რეჟისორ ჯონ ჰასტონს შეხვდნენ. მთელი ღამის განმავლობაში ალკოჰოლის სმის შემდეგ მეთოტმა დაჟინებით მოითხოვა ყველა გაჩუმებულიყო და მისი სიმღერისთვის მოესმინათ. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა უარი უთხრეს მოსმენაზე, მან მაინც იმღერა. შესრულება იმდენად ცუდი და უხერხული იყო, რომ ჰასტონმა და ბოგარტმა ეს სცენა ერთი წლის შემდეგ მოიგონეს და ამ ინციდენტზე დაფუძნებული სცენა ფილმში „კეი ლარგო“ გამოიყენეს.

ეს არის სცენა, სადაც ბანდის წევრის ლოთი შეყვარებული ქალი, რომლის როლსაც კლერ ტრევორი ასრულებს, მღერის. მოგვიანებით ტრევორმა ამ როლისთვის ოსკარი მიიღო.

ბოგარტისა და მეთოტის ქორწინება იყო უაღრესად გამანადგურებელი ურთიერთობა. უამრავი ჩხუბი მოხდა ცნობილი წყვილის ჰოლივუდის სახლში, მათ შორის ერთ-ერთი ჩხუბის დროს მეთოტმა ბოგარტი მხარში დაჭრა.

მსახიობი გლორია სტიუარტი შემდგომ წლებში იხსენებდა წვეულებას, სადაც მეთოტმა პისტოლეტი მოუღერა ბოგარტს და მოკვლით დაემუქრა.

წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე გაეყარა და შერიგდა. 1943 წელს, ფილმის „გქონდეს და არ გქონდეს“გადაღებების დროს ბოგარტს თავისი 19 წლის მეწყვილე, ლორენ ბეკოლი შეუყვარდა. მეთოტმა ეჭვი აიღო და ხშირად მიდიოდა გადასაღებ მოედანზე. ბოგარტი ცდილობდა ქორწინების გადარჩენას, მაგრამ მეთოტის ალკოჰოლიზმი სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა, ისევე, როგორც მათი ჩხუბი.

1944 წლის 19 ოქტომბერს ბოგარტმა განაცხადა, რომ იგი წავიდა სახლიდან, თუმცა 30 ოქტომბერს განაცხადა,რომ მეთოტს შეურიგდა და სახლში ბრუნდებოდა: „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ „ბრძოლებს“. შერიგება ხანმოკლე გამოდგა. 1945 წლის 10 მაისს მეთოტმა განცხადება შეიტანა განქორწინებაზე. განქორწინების საბუთი წყვილს განცხადების შეტანიდან სულ ერთ საათში მისცეს და ბოგარტი 1945 წლის 21 მაისს ლორენ ბეკოლზე დაქორწინდა.

Facebook Comments