ხელოვნება და კულტურა

სიკვდილი ეკრანს მიღმა – ცნობილი მსახიობები, რომლებიც მკვლელობის მსხვერპლნი გახდნენ

რეალური ცხოვრება ზოგჯერ გაცილებით საშინელია, ვიდრე სცენარისტების სასტიკი ფანტაზიები. არის შემთხვევები, როცა რეალური დრამის მსხვერპლი ხდებოდნენ ისინი, ვისაც ეკრანზე არაერთხელ განუცდია მწუხარება და ძალადობა- ცნობილი მსახიობები.

აღნიშნულ სტატიაში მოთხრობილია რამდენიმე ცნობილ მსახიობზე, რომლებმაც განსხვავებით თავიანთი კინოგმირებისგან, მკვლელს თავი ვერ დააღწიეს. ისინი არა ეკრანზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში მოკლეს.

შერონ ტეიტი

​1969 წელს რეჟისორი რომან პოლანსკი და მისი მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი ნანატრი ბავშვის დაბადებას მოლოდინში იყვნენ. მშობიარობის დაწყებას შერონი ლოს-ანჯელესში ელოდა.

8 აგვისტოს, როდესაც რომან პოლანსკი ლონდონში იმყოფებოდა, შერონთან ვილაში ღამით ოჯახის რამდენიმე მეგობარი დარჩა.

შიაღამისას სახლში შეიჭრნენ ჩარლზ მენსონის სექტის წევრები და ყველანი დახოცეს. მათ შორის 9 თვის ორსული შერონ ტეიტი, სტუმრები, მცველი, მოსამსახურე და შერონის საყვარელი იორკშირის ტერიერიც კი. მენსონის სექტას წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვის კლავდა, მათთვის ეს სულ ერთი იყო: უდანაშაულო მსხვერპლი „მსოფლიოს ახალი მოწყობის სიგნალი“ უნდა ყოფილიყო. 

გამოძიება 6 თვეზე მეტი ხანი უშედეგოდ მიმდინარეობდა. დანაშაულის გახსნა სრულიად შემთხვევით მოხდა. სექტის ერთ-ერთი წევრი ქალი ქურდობისთვის ციხეში მოხვდა და კამერაში მყოფთან თავი მოიწონა, რომ შერონ ტეიტი ჰყავდა მოკლული. სასამართლოზე სექტის წევრები დეტალურად ყვებოდნენ, როგორი წამებით მოკლეს 9 თვის ორსული მსახიობი და როგორ ყვიროდა ის სიკვდილის წინ.

დომინიკ დანი

1982 წელს ახალგაზრდა მსახიობმა სახელი გაითქვა ფილმით „პოლტერგეისტი“. იმავე წელს დომინიკი სერიალში თავის ერთ-ერთ პარტნიორთან , დევიდ პაკერთან ერთად რეპეტიციას გადიოდა, როდესაც მას ყოფილმა შეყვარებულმა მიაკითხა და გარეთ გაიხმო. ცოტა ხანში პაკერმა ყვირილის ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა, თუმცა სამართალდამცველებმა მისვლაზე უარი თქვეს, მაშინ პაკერი სახლის მეორე კარიდან გავიდა ეზოში და დაინახა გასისხლიანებული დომინიკი და მასზე დამხობილი მისი ყოფილი შეყვარებული. გოგონა უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. მკვლელი პოლიციას ჩაბარდა.

რებეკა შეფერი

მსახიობი მონაწილეობდა სერიალში „ჩემი და სემი“, სადაც ის რობერტ ჯო ბარდომ შეამჩნია და დაიწყო მისი დევნა. ბარდო ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც რებეკასთან მიახლოებას ცდილობდა, მაგრამ დაცვა ამის ნებას არ აძლევდა. რამდენჯერმე გადასაღებ მოედანზეც ცდილობდა დანით შეიარაღებული შეღწევას, მაგრამ ვერ მახერხა. შემდეგ გარკვეული პერიოდი, თავი დაანება და თავისი საქმით დაკავდა. დევნა 1989 წელს განაახლა, როდესაც რებეკა ახალ ფილმში, საწოლის სცენაში იხილა. ბარდომ კერძო დეტექტივი დაიქირავა, რომლის მეშვეობითაც მსახიობის მისამართი დაადგინა, მოტყუებით კარი გააღებინა და მაშინვე მოკლა. 

შეფერის ისტორიის შემდეგ კალიფორნიის კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა პერსონალური ინფორმაციისა და დევნის მსხვერპლთა დაცვის კუთხით.

ალექსანდრა ზავიალოვა

რუსი მსახიობი, რომელიც საბჭოთა კავშირში ფილმით „ჩრდილები შუადღისას ქრებიან“ გაითქვა სახელი, პეტერბურგში შვილთან, პიოტრთან ერთად , უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა. ის თითქმის არავისთან ურთიერთობდა. ვაჟი მუდმივად სვამდა, არ მუშაობდა და დედას პენსიას ართმევდა. თეატრიდან რამდენჯერმე სცადეს მსახიობისთვის მატერიალური დახმარების გაწევა, თუმცა ყველაფერს მისი შვილი ითვისებდა. 2016 წლის თებერვალში დედა-შვილს შორის კონფლიქტი მოხდა და ალექსანდრა საკუთარმა შვილმა დანით მოკლა. 

ინაკში ტაპარი

მინაკში 26 წლის იყო და ბოლივუდის ერთ-ერთ წარმატებულ მსახიობად ითვლებოდა. ერთხელ, მორიგი ფილმის გადაღების დროს, ორ მსახიობთან თავი მოიწონა, რომ მდიდარი და გავლენიანი ოჯახი ჰყავდა. მსახიობები, რომლებმაც იოლი ფულის შოვნის შესაძლებლობა დაინახეს, ქალი პატარა ქალაქში, გორაკხურში ბუდისტური ტაძრების მოსანახულებლად დაპატიჟეს. იქ ქალი მძევლად აიყვანეს და მის ოჯახს გამოსასყიდი, მილიონ ნახევარი რუპია მოთხოვეს. გოგონას დედამ, რომელიც არც ისე მდიდარი იყო,  მხოლოდ 60 000 რუპია გაუგზავნა. წყვილი ამან არ დააკმაყოფილა და გოგონა მოკლა, შემდეგ დაანაწევრა და სხეული ნაწილები სხვადასხვა ადგილებზე გადაყარა.

ზოია ფიოდოროვა

ლავრენტი ბერიას საყვარელი რუსი მსახიობი, ზოია ფიოდოროვას სიკვდილის საიდუმლო დღემდე არ არის გახსნილი. ის 1981 წელს, საკუთარ სახლში კეფაში ნასროლი ტყვიით მოკლეს.

არსებობს მკვლელობის რამდენიმე ვერსია. როგორც ცნობილია, ფიოდოროვა აშშ-ში, ქალიშვილთან აპირებდა საცხოვრებლად წასვლას და ერთ-ერთი ვერსიით, ის „კაგებემ“ მოკლა. ფიოდოროვა ამერიკაში გადასვლამდე ანტიკვარული მაღაზიების ხშირი სტუმარი იყო და შესაძლოა, ძვირფას ნივთებს ქალიშვილთან გზავნიდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან შეიძინა რამდენიმე უძვირფასესი ბეჭედი და ნაცნობ ქალს, რომელიც აშშ-ში შვილთან მიემგზავრებოდა, თხოვა, მისი ქალიშვილისთვის ჩაეტანა. შესაძლოა, ქალმა ძვირფასი ნივთების ხელში ჩაგდების მიზნით, ფიოდოროვა მოკლა და ბეჭდები მიისაკუთრა. 

Facebook Comments