პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვას ეწვია

ვილნიუსში, ლიეტუვას პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშებს. შესრულდა საქართველოსა და ლიეტუვას სახელმწიფო ჰიმნები. 

სალომე ზურაბიშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ პატივისცემის ნიშნად, საჩუქრები გაცვალეს. საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას ცნობილი ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის ნატურმორტი უსახსოვრა.

ლიეტუვაში საქართველოს ელჩის, ხათუნა სალუქვაძის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მიისწრაფვის იქითკენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოახდინოს.

„ვიზიტისას საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის არსებულ ყველა სტრატეგიულ მიმართულებას. ლიეტუვა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ურთიერთმხარდაჭერა ყველა აქტუალურ მიმართულებაზე. ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატო-სა და ევროკავშირს. ლიეტუვა მიისწრაფის იმისკენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქარველოს პარტნიორებისს და ერთგული მეგობრების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოხდეს”, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.

Facebook Comments