ხელოვნება და კულტურა

როგორ აეწყო „ველური გულის“ მსახიობების ცხოვრება

90-იან წლებში საქართველოს პირველმა არხმა მექსიკის ტელევიზია „ტელევისასგან“ 80-სერიანი ფილმი „ველური გული“ შეიძინა. სერიალი 1993 წელს არის გადაღებული და მსოფლიოს მასშტაბით ისეთი წარმატება მოიპოვა, როგორიც ალბათ, არცერთ ე.წ. საპნის ოპერას არ ჰქონია. ფილმს მიღებული აქვს საკულტო სერიალის სტატუსი და ნაყიდი აქვს 18 ქვეყანას. ზოგიერთ მათგანში ფილმი 5-ჯერ არის ნაჩვენები ტელევიზიით. 90-იან წლებში ტელესერიალი სხვადასხვა კონკურსებში პრემიებს პრემიებზე იღებდა. 23 ნომინაციიდან მიღებული აქვს 20. 

ხუანისა და მონიკას სიყვარულის ლამაზი ისტორია მექსიკელი მწერლის, კარიდად ბრავო ადამსის ნაწარმოების „ველური გული“ მესამე ეკრანიზაციაა. ფილმის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა საკმაოდ სწორად შერჩეულმა მსახიობთა ჯგუფმა. რამდენიმე მათგანმა კი მართლაც დაუვიწყარი სახე შექმნა. როგორ წარიმართა ფილმის გადაღების შემდეგ მათი ცხოვრება, ამ სტატიაში გიამბობთ.

ეშმაკი ხუანი- ედუარდო პალომო

მდიდარი პლანტატორის, ფრანცისკო ალკასარის უკანონო ვაჟის, კეთილშობილი მეკობრის, ეშმაკი ხუანის როლი მექსიკელმა მსახიობმა, ედუარდო პალომომ შეასრულა. ფილმის გადაღების დროს ის 31 წლის იყო. ხუანის როლმა ედუარდო პალომოს უდიდესი პოპულარობა მოუტანა მთელ მსოფლიოში, დაიწყო მისი კარიერის აღმავლობის ხანა. პალომო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა და მალე ჰოლივუდშიც მიიწვიეს, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად ლოს-ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მეუღლე მექსიკაში საკმაოდ ცნობილი მომღერალი, კარინა რიკო იყო, რომელთანaც 1994 წელს იქორწინა და ორი შვილი შეეძინა. სამწუხაროდ, „ველური გულის “ გადაღების შემდეგ მან მხოლოდ 10 წელი იცოცხლა. 2003 წელს, ის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში გულის შეტევით გარდაიცვალა. პალომო რესტორანში მეგობრებთან ერთად იყო, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. 

***********************

ონიკა დე ალტამირა- ედიტ გონსალესი

სერიალში დიდგვაროვანი ოჯახის ნაზი და მგრძნობიარე ქალიშვილის როლს, რომელსაც უიღბლო სიყვარულის გამო მონაზვნობა სურს, მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ „ველური გულის“ წყალობით 29 წლის მსახიობი მსოფლიომ გაიცნო, ედიტი მექსიკიდან საცხოვრებლად არსად წასულა. სხვა როლებს მისთვის ასეთი წარმატება და არც დიდი მსახიობის წოდება არ მოუტანია, თუმცა ქვეყანაში ცნობილი ადამიანია. იყო მექსიკელი პოლიტიკოსის ცოლი, რომელთანაც ერთი ქალიშვილი ჰყავს. ამჟამად ედიტ გონსალესი 54 წლისაა და უკვე 2 წელია, კიბოს ებრძვის. გადაიტანა ოპერაცია და ქიომოთერაპია, რის გამოც დიდხანს თმები გადაპარსული ჰქონდა. ის ხალხში ხშირად ჩნდებოდა როგორც პარიკებით, ისე თავგადაპარსული. ინსტაგრამზე მისი უამრავი გამომწერი თითქმის ყოველდღიურად ადევნებს თვალს, თუ როგორ უმკლავდება ედიტი საშიშ დაავადებას. 


****************************************

ანდრეს ალკასარი- არიელ ლოპეს პადილა

მექსიკელი მსახიობი და მოცეკვავე არიელ ლოპეს პადილა ფილმში მდიდარი პლანტატორის, ფრანცისკო ალკასარის უმცროსი ვაჟის როლს ასრულებს, რომელიც განსხვავებით ნახევარძმისგან, ეშმაკი ხუანისგან, სიმდიდრეში გაიზარდა.

მსახიობი სერიალის გადაღების დროს 31 წლის იყო. ის მანამდეც საკმაოდ ცნობილი იყო, თუმცა „ველურ გულში“ მონაწილეობის შემდეგ კარიერაში საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა და მოთხოვნადი მსახიობი გახდა. ამჟამად ის 56 წლისაა და აშშ-ში, მაიამიში ცხოვრობს . მისი მეუღლე შოუ ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს.

ლოპესის პირველი ცოლი, მექსიკელი მსახიობი მარიანა ლევი იყო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და 2005 წელს მეხიკოში, შეიარაღებული მძარცველის თავდასხმისას, გულის შეტევით დაიღუპა. მარიანა 40 წლის იყო, მას და არიელ ლოპეს პადილას საერთო ქალიშვილი, მარია ჰყავთ. 

*********************************

აიმე დე ალტამირა – ანა კოლჩერო

ანა კოლჩეროს გმირი, აიმე თავქარიანი, არასერიოზული გოგონაა, რომელსაც ხუანი უყვარს, თუმცა ანდრესს მიყვება ცოლად, შემდეგ კი, ცხოვრება ენგრევა და იღუპება. ანა კოლჩერო ესპანელი მიგრანტების შვილია. მისთვის „ველურ გულს “ ისეთი წარმატება არ მოუტანია, როგორც სერიალ „ალონდრას“, რომელსაც უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად და მსახიობი თავისი კარიერის უმაღლეს წერტილამდე აიყვანა.

მალე ის „ტვ აცტეკაში“ გადავიდა და სერიალში „არაფერი პირადი“ დაიწყო გადაღება, თუმცა ფილმის რეჟისორთან და პროდიუსერთან კონფლიქტის გამო, სერიალიდან მოხსნეს და მისი როლი სხვა მსახიობს მისცეს. ანა კოლჩერომ სასამართლოს მიმართა კონტრაქტის დარღვევის გამო და მოიგო კიდეც, თუმცა მხოლოდ კომპენსაცია აიღო და მას შემდეგ მექსიკის არც ერთმა ტელევიზიამ მასთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. ასე დამთავრდა ანა კოლჩეროს სამსახიობო კარიერა. ანა დღეს 51 წლისაა და ამბობს, რომ კინოში მისთვის ყველა კარი დახურულია, თუმცა აღიარებს, რომ ეს მისივე რთული და ჭირვეული ხასიათის გამო მოხდა. ანა  კოლჩერო ამჟამად ერთ-ერთი ტელევიზიის კულტურის სიახლეებზე გადაცემის წამყვანია. პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა ამბობს, რომ ამ მხრივ ყველაფერი კარგად აქვს და ბედნიერი ქალების რიცხვს მიეკუთვნება. 


Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni