უცხოური მედია

ძაღლებს, რომლებმაც 4 წლის ბავშვს ხელის მტევანი მოაჭამეს, ათასობით დამცველი გამოუჩნდა

 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, ორი ჰასკის დაძინების წინააღმდეგ, რომლებმაც აშშ-ში, იუტას შტატში 4 წლის ბავშვს ხელის მტევანი მოაჭამეს,- ამის შესახებ The Daily Mail იუწყება.

ძაღლებმა ბავშვს ხელის ნაწილი, მტევანი მთლიანად და ზემოთ, მაჯიდან რამდენიმე სანტიმეტრი მოაჭამეს, როდესაც მან მეზობლის ღობეში ხელი შეყო. 

პეტიციის ავტორია ჯესიკა ნუთსი, ძაღლების პატრონის მეგობარი, რომელსაც მიაჩნია, რომ ძაღლების დაძინება დაუმსახურებელი ზომაა. მისი თქმით, ბავშვს ხელზე წინდა ჰქონდა ჩამოცმული, რაც ძაღლებს შესაძლოა, საღეჭი სათამაშო ეგონათ. ქალი ამტკიცებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მეგობრის ძაღლები ადამიანს ზიანს არასდროს მიაყენებდნენ.

 ამ დროისთვის ბავშვი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. ექიმების მოსვლამდე, მშობლები ცდილობდნენ, თვითონ შეეჩერებინათ სისხლდენა, შემდეგ კი ბავშვი ვერტმფრენით სოლტ-ლეიკ-სითის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ინციდენტის შემდეგ ცხოველები 10 დღიან კარანტინში მოათავსეს. ბავშვის დაკარგული ხელის პოვნა სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ჰასკებმა ის შეჭამეს. 


Facebook Comments