პოლიტიკა

წინასაარჩევნო კამპანია მძიმე იყო, მაგრამ ამან არ უნდა დაუკარგოს ქალებს პოლიტიკაში მოსვლის მოტივაცია

საქართველოში 100 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ისეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს, როგორიც არის დემოკრატიული ტრადიციები, თავისუფლება, თანასწორობა, პროგრესული აზროვნება და მიდგომები, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეზე საუბრისას გადაცემაში „ნაშუადღევს“განაცხადა.

სოფიო ქაცარავას თქმით, დამფუძნებელი კრება იმ დროს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი პარლამენტი, როგორც ეთნიკური ისე გენდერული თვალსაზრისით. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის ამ ნაწილის კარგად ცოდნა, რადგან სწორედ მაშინდელმა გადაწყვეტილებებმა ჩაუყარა საფუძველი დღევანდელ ჩვენს თავისუფლებას, თანასწორობას, პროგრესულ აზრს და დასავლურ არჩევანს.

„მაშინ, როდესაც დასავლეთის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ქალს ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდა, საქართველოს ჰყავდა 5 პარლამენტარი ქალი. ამ ტენდენციას სწორედ 100 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და დღეს ჩვენ კიდევ უფრო ვავითარებთ“,- განაცხადა მან. 

სოფიო ქაცარავამ პოლიტიკაში ქალების როლზე, ასევე გამოწვევებსა და დაბრკოლებებზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაგალითად მოიყვანა პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც მისი თქმით, საკმაოდ მძიმე იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანას მთელს რეგიონში პირველად ჰყავს არჩეული ქალი პრეზიდენტი, თუმცა წინასაარჩევნო კამპანია იმდენად მძიმე იყო, რომ ეს ნამდვილად არ არის ქალებისთვის მოტივაცია, იყვნენ პოლიტიკაში. ისევე, როგორც 100 წლის წინ, ახლაც იყო დაბრკოლებები, რომელსაც თან სდევს სენსიტიურობები. მაგრამ ეს არის გამოწვევა, და სწორედ ეს გამოწვევა უნდა დაიძლიოს. მთავარია, რომ საზოგადოება იყო მზად ქალი პრეზიდენტის ასარჩევად. საჭიროა, მაქსიმალურად შევქმნათ პირობები, რომ პოლიტიკაში მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა. წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც მე ვახსენე, არანაირად არ უწყობდა ხელს ამ ყველაფერს. თუმცა ეს არავისთვის არ უნდა იყოს დაბრკოლება. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni