ჯარი

სტოლტენბერგი ქართველ სამხედროებს: თქვენი დამსახურებით ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი აღარ არის

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იყო მისული. ალიანსის გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას გაეცნო, ადგილზე მას პრემიერი და თავდაცვის მინისტრი დახვდნენ. 

როგორც სტოლტენბერგმა დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რაშიც წვლილი ქართველ სამხედროებსაც მიუძღვით. მან ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. ვიცი, რომ ყველა თქვენგანი მსახურობდით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ასევე იბრძოდით ალიანსისთვის. თქვენ გასწიეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური როგორც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საქმისთვის, ასევე ტერორიზმთან ბრძოლაში. ავღანეთში ბრძოლისას ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს ქვეყანა გახდეს უსაფრთხო და თავისუფალი ტერორიზმისგან. მას შემდეგ ჩვენი ძალები ავღანეთში შევიდნენ, ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ. იმ დროისთვის “თალიბანი” ბატონობდა და ქვეყანა ტერორიზმის ბუდეს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ავღანეთი აღარ არის “ალ-ქაიდას” თავშესაფარი და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრაზე.

Facebook Comments