სოციალური ქსელები და მედია

ინდონეზიის პარლამენტში კენჭს მიხეილ გორბაჩოვი იყრის

ინდონეზიის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მიხეილ გორბაჩოვი იყრის. New Straits Times-ის ინფორმაციით, 32 წლის კაცის სრული სახელია მიხეილ გორბაჩოვ დომი (Mikhail Gorbachev Dom). ინდონეზიელი კაცის განცხადებით, ეს სახელი მშობლებმა მას შემთხვევით შეურჩიეს.

„მშობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოგო ეყოლებოდათ. როდესაც მე დავიბადე, მათ ბიჭისთვის არც ერთი სახელი არ ჰქონდათ შერჩეული. დაახლოებით ერთი კვირა სახელი არ მქონდა, შემდეგ კი ჩემი მშობლები გაზეთში მიხეილ გორბაჩოვის შესახებ სტატიას წააწყდნენ. მამას ძალიან მოეწონა ქვეყნის ლიდერისა და გავლენიანი კაცის სახელი და მეც ასე დამარქვეს.

მეგობრები „გორბას“ მეძახიან, მაგრამ სახელი პოლიტიკური კარიერის აწყობაში მეხმარება. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში გარემოს დაცვის სფეროში ცვლილებების განხორციელებას ვაპირებ“, – ამბობს დეპუტატობის კანდიდატი.

ინდონეზიის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ გორბაჩოვის გარდა კიდევ 245 ათასი კანდიდატი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა ერთდროულად პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტისა და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატებს აირჩევს.

Facebook Comments