ხელოვნება და კულტურა

ბელა ბერკემერ-მახარაძე: მე დღეს ერთ-ერთმა ქართულმა ტელევიზიამ სილა გამაწნა

მე დღეს სილა გამაწნეს. სილა გამაწნა ერთ-ერთმა ტელევიზიამ, რომელმაც ძალიან მატკინა გული,- ამის შესახებ გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მევიოლინემ, ბელა ბერკემერ-მახარაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მუსიკოსის თქმით, ქართულ ტელევიზიებს ხელოვნება არ აინტერესებთ, მათი ინტერესის სფერო მხოლოდ სკანდალი და გარყვნილებაა. მისივე თქმით, ამ ტელევიზიაში მიიპატიჟეს, მაგრამ განუცხადეს, რომ თუ მანამდე სხვა ტელევიზიაში წავიდოდა, მათთვის საინტერესო აღარ იქნებოდა.

„მე იმ ტელევიზიას სპეციალურად არ ვახსენებ, მაგრამ მინდა გამოვხატო ჩემი დიდი გულის ტკივილი. ამ ტელევიზიამ მიმიპატიჟა გადაცემაში, დრო უკვე შეთანხმებული იყო, თუმცა თარიღი გადამიდეს და მითხრეს, რომ ამ ხნის განმავლობაში თუ სხვა ტელევიზიაში წავიდოდი, მაშინ ისინი მე აღარ მიმიწვევდნენ. ეს ულტიმატუმი არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ტელევიზიის შეურაცხყოფაა. კრიმინალი რომ ჩავიდინო, ან სცენაზე გავიხადო, მაშინვე ყველა ტელევიზია და ყველა გადაცემა აუცილებლად მიმიწვევს. გერმანიაში, როდესაც ქართველები უამრავ დანაშაულს სჩადიან, ვცდილობ ჩემი ქვეყანა სხვა, კარგი კუთხით წარმოვადგინო. რატომ არ შეიძლება, საქართველოში უხაროდეთ ის, რასაც ვაკეთებ? ცნობადი რომ გავხდე, მაინცდამაინც უნდა გავიხადო და სცენაზე დედიშობილა ვიდგე? ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ ისიც კი მითხრა, ვერ დაგპირდებით, რომ თქვენს კონცერტს პირდაპირ ეთერში გავაშუქებთ, რადგან თუ რაიმე კრიმინალი მოხდება, ან ვინმეს მოკლავენ, მაშინვე იქით გაიქცევა ყველაო. მან მითხრა, დაჭერით ვინმე და გპირდებით, რომ აუცილებლად გაგაშექებთო. ეს სამარცხვინოა“,-აცხადებს მუსიკოსი.

მისივე თქმით, საქართველოს ტელევიზიები მხოლოდ ნეგატივს აშუქებენ და ნიჭიერ შემსრულებლებს არ აფასებენ.

„მე არ გავცემ სკანდალურ ინფორმაციას, არ ვარ ჩასაფრებული, მე მხოლოდ მუსიკას და პოზიტივს გავცემ. მე დღეს დამჩაგრეს, ძალიან დამჩაგრეს, ნახეთ, ვინ ხდება პოპულარული, ვის იწვევენ გადაცემებში. საქართველოში უნიჭიერესი შემსრულებლები გვყავს, მაგრამ ეპატიჟებიან იმათ, ვინც ნოტსაც კი ვერ იჭერს, დააფასეთ კარგი ქართველები, ისეთები, რომლებიც საქართველოსთვის კარგს აკეთებენ. მე მუსიკოსი ვარ და არა პოლიტიკოსი“,-განაცხადა ბელა ბერკემერმა.

მევიოლინე გულნატკენია იმის გამოც, რომ მის გერმანელ მეუღლეს, რომელსაც საქართველო უზომოდ უყვარს და გერმანიაში კონცერტებზე ქართულ სიმღერებს მღერის, საქართველოს ტელევიზიაში არ ეპატიჟებიან.

„ისეთ გერმანელს არ ეპატიჟებიან, მართლა რომ გიჟდება საქართველოზე- ჩემს მეუღლეს. მას უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართველოში, ქართულად რომ მღერის, გერმანელები ფეხზე დგებიან და ტირიან. დღეს ამ ტელევიზიამ მასაც სილა გააწნა. ასე არ უნდა ხდებოდეს. დღეს ისეთ ადამიანს ჰკრეს წიხლი, რომელსაც ეს არ დაუმსახურებია. სხვას რომ ეს ეთქვა, არ დავუჯერებდი. გერმანიაში როდესაც ტელევიზიაში გვეპატიჟებიან, მანქანას გვიგზავნიან, გვიმასპინძლდებიან, უზომო პატივს გვცემენ. ჩემთვის უდიდესი სტიმულია, რომ მე საქართველოში ჩემი მსმენელი მყავს და  ვუყვარვარ, მაგრამ რამდენი ხანია, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ თელავში, ქუთაისში კონცერტის ჩატარება გვინდა, თუმცა ვერ ვახერხებთ. ანაზღაურება იმიტომ, რომ ეს ჩვენი საქმეა, ამით ვცხოვრობთ. დღეს ტელევიზიები მხოლოდ გარყვნილებით ვაჭრობენ, ნამდვილი ხელოვნება მათ არ აინტერესებთ“,- განაცხადა ბელა ბერკემერმა.

„ადამიანები ერთმანეთს ძალიან ვტკენთ გულს, მე დღეს მართლა გული დამიკოდეს. მინდა, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, უზომოდ მიყვარს ჩემი ქართველები, მაგრამ ეტყობა არ ვყოფილვარ საამაყო, როდესაც ტელევიზია ასეთ ულტიმატუმს მიყენებს“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni