ხელოვნება და კულტურა

გიორგი შავგულიძემ თავისი გარდაცვალების შესახებ წინასწარ იცოდა?!

13 აპრილს სამოცი წელი სრულდება განუმეორებელი ქართველი  არტისტის, გიორგი შავგულიძის ტრაგიკულად გარდაცვალებიდან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იგი თურმე წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ ტრაგედიას და შესაძლოა საკუთარი გარდაცვალების თარიღიც იცოდა. წინა დღეს, კინოსტუდიაში მისულს, ლეილა აბაშიძისთვის უთქვამს, წუხელ შალვა დადიანი დამესიზმრა, პლეხანოვზე, რესტორანში დასალევად მეპატიჟებოდა, რა ჩემი ძმაკაცია, ალბათ დიდხანს ვერ ვიცოცხლებო.
საბედისწერო შემთხვევა სწორედ პლეხანოვის გამზირზე მოხდა. გიორგი შავგულიძე მაშინ 48 წლის იყო…

„მეორე დღეს ისევ კინოსტუდიაში ვიყავი (ლეილა აბაშიძეს იმ პერიოდში იღებდნენ ფილმში „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“), უცებ დიდი წივილ-კივილი რომ ატყდა: ამბავი მოიტანეს, გიორგი შავგულიძეს ტროლეიბუსი დაეჯახა პლეხანოვზეო… დღემდე საშინლად მოქმედებს ჩემზე ამ ყველაფრის გახსენება. როგორც ჩანს, წინასწარ გრძნობდა რაღაცას, თითქოს თავადვე იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული“, – იხსენებდა ქალბატონი ლეილა.

***

მსახიობი წინასწარ რომ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს, ამაზე მისი მეუღლის, ლიზა ვაჩნაძის მოგონებაც მეტყველებს. წლების წინათ თავად ქალბატონმა ლიზამ (აწ განსვენებულმა) აი, რა მიამბო:

„ჟორას ძალიან უყვარდა ეკლესიაში შესვლა, ხშირად დადიოდა დიდუბის პანთეონში, საფლავებს ათვალიერებდა და ხუმრობით ადგილსაც ირჩევდა. ნუკრი ჯერ კიდევ სამხატვრო ტექნიკუმის სტუდენტი იყო, როდესაც პლასტელინისგან სხვადასხვა ფიგურას ძერწავდა. ერთხელ, მუშაობის დროს ჟორამ შეაჩერა, მისი ნახელავი ხელისგულზე დაიდო და აღტაცებით წამოიძახა: ამას ხელი აღარ ახლო, შესანიშნავია ძეგლად, ჩემი ძეგლი ეს უნდა იყოსო. ნუკრიმ გაიცინა და შეხუმრებულმა უთხრა: მოიცა, მამა, სანამ ტექნიკუმსა და აკადემიას დავამთავრებ, რამდენი რამ მოგეწონება, მერე აირჩიე ძეგლიო. მაგრამ ჟორა არ მოეშვა – რა მასალა მოუხდება, რით უნდა გამიკეთოო. ჩვენ ვიცინოდით, ვხუმრობდით, ის კი სრული სერიოზულობით ირჩევდა მასალას. არჩევანი თაბაშირზე შეაჩერა. ესკიზს მოესიყვარულა, შეახვია და კარადის თავზე შეინახა.

1958 წელს დეკადაზე ვიყავით. იქიდან რომ დავბრუნდით, თითქოს კარგ გუნებაზე უნდა ვყოფილიყავით: ჟორამ მეორე შრომის ორდენი მიიღო, მე კი – რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება, მაგრამ ჟორა ძალიან მოუსვენრად გრძნობდა თავს, სულ რაღაც აწუხებდა. ერთ დილას მითხრა, შიშით ვეღარ დამიძინია, ისეთი სიზმრები მესიზმრებაო.

1959 წლის ორ აპრილს მოულოდნელად მოიკითხა, სად არის ჩემი ძეგლიო. არ დამიჯერა, რომ არავის გახსენებია. კარადის თავიდან ჩამომაღებინა და დიდხანს ატრიალა ხელში. კარგა ხანს ესიყვარულა იმ ესკიზს, რომლითაც შვილმა მალევე შეუსრულა სურვილი და ნაადრევად დაადგა ტრაგიკული, ჩაღვენთილი, მწუხარების გამომხატველი ფიგურა.

იმ საშინელ დღეს, ცამეტ აპრილს კი, კინოფილმ „განაჩენში“ ჰქონდა გადაღებები და კინოსტუდიაში წასასვლელად ემზადებოდა. რაღაცნაირად გაშტერებული საუზმობდა, მე შევუტიე: ცოტა ჩქარა, მეც მაგვიანდება რეპეტიციაზე-მეთქი. ამ შენიშვნაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ შემეკითხა: „რამდენი ხანი გავიდა, რაც ავად ვიყავი?“ (1952 წელს ორი თვე ფუძის მოტეხილობით იწვა საავადმყოფოში). უჰ, შვიდი წელი, ახლა გამოტირებული გვეყოლებოდი-მეთქი, – ვუპასუხე. საუზმე აღარ დაამთავრა, ადგა და ჩაცმა დაიწყო. მივხვდი, რომ უხეში პასუხი გამომივიდა და მოფერებით შევაქე: შენი ჯანის პატრონს რა მოკლავს-მეთქი. მამა-შვილი წასასვლელად მოვამზადე და მეც ჩაცმა დავიწყე. დიდ სარკეს ვერ მივუახლოვდი, ისე იყვნენ ნუკრი და ჟორა ზედ აფარებულები. ორივე აქეთ-იქეთ გავწიე, სარკეში ჩამახედეთ-მეთქი. იმ დროს, ჟორა რომ შემოვაბრუნე, შევამჩნიე, პიჯაკის ქვეშ ის ცისფერი „გონდოლკა“ ეცვა, მოკლე სახელოიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვუყიდე. ეს რომ დავინახე, წყრომით ვუთხარი: რა დროს ეს გულმოღეღილი, საზაფხულო „გონდოლკაა“, პერანგი ჩაიცვი და ყელსაბამი გაიკეთე-მეთქი. მოიცა ერთი! აბა, კუბოში ხომ არ ჩამაცმევო, ვითომ იხუმრა. ასე წავიდა დილის ათ საათზე კინოსტუდიაში გადაღებაზე. როდესაც სახლში დავბრუნდი, დამირეკა: ექვსი საათისთვის კინოს ბილეთები შეეძინა და წასვლა შემომთავაზა (ფრანგული ფილმების დეკადა იყო). საღამოს მე მ. აღლაძის პიესაში („შავთვალა გოგონა“) ვთამაშობდი, ამიტომ ვუთხარი, თვითონ წასულიყო, თანაც სპექტაკლის შემდეგ თერთმეტსაათიან სეანსზე უკვე მქონდა ბილეთი – მე და მედეა ჯაფარიძე შევთანხმდით, რომ სურათის სანახავად ერთად წავიდოდით.

გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე

სპექტაკლში მე მხოლოდ პირველ მოქმედებაში ვიყავი დაკავებული, მედეა _ მეორეში. ვთამაშობდი უარყოფითი გმირის (ერთ-ერთი თანამდებობის პირის მეუღლეს), რომლის ერთადერთ ქალიშვილს სწავლის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ მშენებლობაზე ერთ-ერთ რაიონში ანაწილებდნენ. ამ „საშინელი“ ამბით იყო გამოწვეული მისი ხმამაღალი, მოთქმით ტირილი: „რა უბედური ვყოფილვარ!“… ამ დროს პარტერში ყოველთვის სიცილ-ხარხარი იყო, ხოლო, როდესაც სცენიდან მოთქმით გავდიოდი, ტაში კარგა ხანს არ წყდებოდა. იმ დღეს ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, მხოლოდ ბოლოში შეწყდა თანდათან სიცილი და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს პარტერი დაცარიელდაო. ძალიან შეწუხებული და თითქმის შერცხვენილიც გავედი სცენიდან. ვერ გამეგო, რა გავაფუჭე, რა შევცვალე, რომ მაყურებელი ასეთი დადუმებული დავტოვე…

ასე შეწუხებულმა გრიმი მოვიცილე და მედეას ველოდებოდი, როდის გათავისუფლდებოდა. საგრიმიოროში ვიჯექი და ამხანაგს ვეუბნებოდი, რომ დამშვიდებით წავიდოდი ფილმის საყურებლად, რადგან ჟორაც ნახავდა და ნუკრისაც ნანახი ჰქონდა ეს სურათი, მაგრამ მედეა ისეთი სახით შემოვიდა ოთახში, რომ სიტყვა პირზე შემაშრა. უკან ქალები მოჰყვებოდნენ. „ჟორაო“, წაიბურტყუნა, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდათ, რომ მეტი აღარაფერი გამიგია. როგორ მოვწყდი ადგილიდან, არ ვიცი. ის კი მახსოვს, თეატრის წინ ვიღაცამ მანქანა გამიჩერა: „ვიცი, სადაც მიბრძანდებით, ქალბატონო“. თურმე ეს საზარელი ამბავი ჩემი სცენაზე ყოფნის დროს მომხდარა და მაყურებელმა სწრაფად შეიტყო, – ქალაქში ჩემი და ნუკრის გარდა უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა“.

„იმ საბედისწერო დღეს, თბილისში, პლეხანოვის გამზირზე, გიორგი შავგულიძეს ტროლეიბუსი დაეჯახა, პირქვედამხობილი მისი ზორბა სხეული ხალხმა ხელში აიტაცა, გულში ჩაიკრა, საყვარელ შემოქმედს ნაადრევი ცრემლი დააფრქვია, მაგრამ მათ არანაკლებ ეცოდებოდათ მძღოლი, რომელიც კედელზე თავს ახლიდა და ბღაოდა.

ეს მოხდა ცხოვრების სცენაზე, სადაც მსახიობი უგრიმოდ იყო და მაყურებელი – უთეატროდ!“ (ოთარ მამფორია, პოეტი).

***

თაობები შეიცვალა, დრომ ბევრი რამ გადააფასა, მაგრამ ხალას ნიჭს ვერაფერი დააკლო. პირიქით, კიდევ უფრო დიდი შარავანდედით შეიმოსა გიორგი შავგულიძის სახელი. მეტიც, დღეს მსახიობის ნიჭიერების საბუთად და საზომად სწორედ გიორგი შავგულიძეს მოიხსენიებენ. სრულიად სამართლიანად, რადგან ნიჭიერ შემოქმედს წლების განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა ქართულ სცენაზე შეყვარებული ადამიანები. მის ხელოვნებაზე ახლაც ლეგენდები დადის: გიორგი შავგულიძე მარჯანიშვილის სცენაზე რომ გამოვიდოდა, მაყურებლის ტაში ზემელზე აღწევდაო, ამბობენ…

სამწუხაროდ, გიორგი შავგულიძის სამსახიობო ხელოვნების გენიალურობა და სიდიადე მხოლოდ კინემატოგრაფმა (გასახსენებლად ალბათ მისი ნიკოც იკმარებს კინოფილმიდან „ქეთო და კოტე“) შემოგვინახა და მე მართლა ძალიან მშურს იმ ადამიანებისა, რომელთაც სცენაზე უნახავთ გიორგი შავგულიძის საიათნოვა „მეფე ერეკლეში“, კეისარი – „ანტონიუსსა და კლეოპატრაში“, ჭყონდიდელი – „დავით აღმაშენებელში“, დათიკო შევარდნაძე – „დაჭრილ არწივში“, ხარიტონი – „კოლმეურნის ქორწინებაში“…

თამარ ოთიაშვილი

ნოდარი, „გიორგი სააკაძე“
გიორგი შავგულიძე და მარინე თბილელი

წყარო: nostal.ge

Facebook Comments