პოლიტიკა

ძალიან არ მინდოდა, რომ იმ ადამიანის მეშვეობით მომხდარიყო ამ გადაწყვეტილებების გაჟღერება

ძალიან არ მინდოდა, რომ იმ ადამიანის მეშვეობით მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების გაჟღერება, ბოლო წუთამდე იმედს ვიტოვებდით, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლებოდა,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი იმ მიზეზებს შეეხო, რის გამოც უმრავლესობის დატოვება მოუხდა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევანი გააკეთა გამრუდებულ სამართალზე, რომელიც მან წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო. 

„ეს ჩემთვის წარმოუდგენელი მოცემულობაა, 21 დეკემბერს ნამდვილად მე არ მეგონა, რომ ამ რეალობის წინაშე დავდგებოდი. სულ მქონდა ეჭვები, მაგრამ ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი და მაგრად ვნერვიულობდი იმ გადაწყვეტილებებზე. ძალიან არ მინდოდა, რომ იმ ადამიანის მეშვეობით მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების გაჟღერება. ბოლო წუთამდე იმედს ვიტოვებდით, რომ ეს ყველაფერი შეიცვლებოდა. მე და ჩემმა მეგობრებმა, პარლამენტის წევრებმა რა არ გავაკეთეთ, იმასაც ვეუბნებოდით, ვიცით, რომ შეგაწუხეთ ამ შემოკამათებით, დღესვე დავტოვებთ უმრავლესობის მანდატებს, მაგრამ მოგვეცით გარანტია, რომ იმ მახინჯი ადამიანების მემკვიდრეობას არ შესთავაზებთ ხალხს, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა, რათა გამრუდებული სამართალი გაგვესწორებინა. ვეხვეწებოდით, რომ არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რადგან ეს ნაბიჯი მაინც გადაიდგა, რადგან სიმახინჯის მხარე აირჩიეს, რადგან გამმრუდებლების სამართალი მემკვიდრეობად მიიღეს, მე იქ ვეღარ ვხედავ ჩემს თავს“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, მოძრაობა „დაიცავი საქარტველო“ არის სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც დიდ გაერთიანებას ჩაუყრის საფუძველს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პლატფორმა იქნება საფუძველი ძალიან დიდი გაერთიანების, რომელიც ამ ორ სუბიექტს – ერთ მახინჯს და მეორე დამახინჯებულს, არ მისცემს საშუალებას, 2020 წელს თავისი სურვილები განახორციელოს, ვფიქრობ, აქ დაიბადება ის პოლიტიკური მოცემულობა, რომელზეც მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება და გადაგვარჩენს მახინჯი იდეებისა და გამრუდებული სამართლიანობისგან, დაგვიცავს ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებული სამართლისგან“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

Facebook Comments