Advertisements

ირაკლი კობახიძე დავით მაღრაძის ორგანიზაციაზე – იმ სახეებით ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება

იმ სახეებით, რომელზეც არის შეხვედრასთან დაკავშირებით საუბარი, ბუნებრივია ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პოეტ დავით მაღრაძის მოძრაობის, „დაიცავი საქართველო“ დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას გუშინ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, განმსაზღვრელი ნიშა ოპოზიციაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია.

„არის მესამე ძალის ინტერესი საზოგადოებაში. ოპოზიციის კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა იმიტომ, რომ ეს ნიშა არსებითად აქვს დაკავებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია ძალიან დიდი ნიშა, განმსაზღვრელი ნიშა ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს, თითოეული მოქალაქის, ჯანსაღი ოპოზიციის გაჩენა. მაგრამ იმ სახეებით, რომელზეც არის ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბარი, ბუნებრივია, ასეთი ჯანსაღი მესამე ძალა ვერ შეიქმნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ სამომავლო განვითარებას და იმედი დავიტოვოთ იმის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე გაჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაიკავებენ იმ ნიშის ნაწილს მაინც, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, აქვს დაკავებული „ნაცმოძრაობას“ აბსოლუტურად არაჯანსაღ და მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ის გარემოება, რომ მომდევნო არჩევნები 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, ახალი პარტიების შექმნის დამატებით მოტივაციას ქმნის.

“მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები. თან შემდგომი არჩევნები ერთჯერადად, 3%-იანი ბარიერით ჩატარდება. აქედან გამომდინარე, დიდია ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა შექმნან პოლიტიკური პარტიები და შემდეგ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ამის დამატებით მოტივაციას ქმნის. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია ამ წელიწადნახევრის განმავლობაში შეიქმნება პარტიები. ეს არის პროცესი, რაც დამახასიათებელია იმ დროისთვის, როდესაც არჩევნები ახლოვდება“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, დღეს, ფილარმონიაში პოეტ დავით მაღრაძის მიერ დაარსებული ახალი მოძრაობის, „დაიცავი საქართველო“ შეხვედრა გაიმართება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული