მედიცინა

დედა-მამა-დედა: საბერძნეთში დაიბადა ბავშვი სამი ადამიანის გენეტიკური მასალით

ექიმმა-რეპროდუქტოლოგებმა საბერძნეთიდან და ესპანეთიდან შეძლეს, ქვეყანას მოვლინებოდა ბავშვი, რომელიც სამი ადამიანის გენეტიკურ მასალას ატარებს. ახალშობილი ბიჭუნა, რომელიც 2,9 კგ-ს იწონის, სამშაბათს საბერძნეთში დაიბადა. როგორც იუწყებიან, ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

ექიმები ამბობენ, რომ მედიცინის ისტორიაში ეს ახალი სიტყვაა, რომელიც იმედს აძლევს უშვილო წყვილებს მთელ მსოფლიოში.

ამასთან, რამდენიმე ბრიტანელი ექსპერტის თქმით, ეთიკური მოსაზრებების გამო, ამ სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება არ შეიძლებოდა.

ახალი ტექნოლოგია იმ ოჯახური წყვილების დასახმარებლად შემუშავდა, რომელთა ანამნეზშიც მიტოქონდრიული დაავადებები ფიქსირდება; ეს დაავადებები დედიდან შვილს მემკვიდრეობით გადაეცემა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახალი ტექნოლოგია საბერძნეთში მცხოვრები 32 წლის ქალის უნაყოფობის სამკურნალოდ გამოიყენეს, რომელსაც უკვე უშედეგოდ ჰქონდა გავლილი ექსტრაკორპორალური (ე. წ. ხელოვნური) განაყოფიერების ოთხი კურსი.

აღნიშნული კურსისთვის პაციენტის საკუთარი კვერცხუჯრედი, მამის სპერმატოზოიდები და დონორი ქალის კიდევ ერთი კვერცხუჯრედი გამოიყენეს  და ამ გზით განაყოფიერებული ემბრიონი პაციენტის საშვილოსნოში გადანერგეს.

ახლა მის პირმშოს აქვს არა მხოლოდ თავისი მშობლების დნმ, არამედ, აგრეთვე, დონორი ქალის მცირე გენეტიკური მასალა, ვინაიდან მიტოქონდრიებს დნმ-ის საკუთარი ნაკრები აქვთ.

განაყოფიერების ეს ექსპერიმენტული მეთოდი ადრე გამოყენებული იყო მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ოჯახური წყვილისთვის იორდანიიდან – და სამედიცინო საზოგადოებაში მაშინაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამასთან, იმ სპეციალისტთა ნაწილი, რომლებიც რეპროდუქციის პრობლემებით არიან დაკავებულები, მიიჩნევს, რომ ახალი მეთოდი ხელოვნური განაყოფიერების წარმატებით ჩატარების შანსების გაზრდის საშუალებას იძლევა.

ბერძენი ექიმები ესპანური რეპროდუქციული ცენტრის, Embryotools-ის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდნენ; ცენტრმა ახლახან განაცხადა, რომ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ამ ექსპერიმენტული მეთოდის გამოცდაში კიდევ 24 ქალი მონაწილეობს და უკვე 8 ემბრიონია მზად გადანერგვისთვის.

2018 წლის თებერვალში ინგლისელმა ექიმებმა, რომლებმაც პირველებმა შეიმუშავეს ეს ტექნოლოგია, სამი ადამიანის გენეტიკური მასალის გამოყენების ნებართვა მიიღეს დიდ ბრიტანეთში რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოსაყენებლად. ამ ქვეყნის ზედამხედველობის ორგანომ ორ მსგავს შემთხვევაზე უკვე გასცა ნებართვა – ორივე შემთხვევაში ოჯახური წყვილებისთვის, რომლებსაც იშვიათი მიტოქონდრიული დაავადებები აქვთ.

თუმცა რამდენიმე ბრიტანელი ექიმი მიუთითებს, რომ უშვილობა და დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის თავიდან აცილება, მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით, განსხვავებული რამეებია.

წყარო: BBC

Facebook Comments