საზოგადოება

„კგბ“-ს მინისტრის შვილიშვილი, გაგა ინაური 14 აპრილის საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე იყო

1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენების დღეს, დედაენის დასაცავად ქუჩაში გასულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო გაგა ინაური,-ამის შესახებ გაგა ინაურის კლასელები, 55-ე სკოლის ყოფილი მოსწავლეები ყვებიან.

გაგა ინაური ს ბაბუა საქართველოს უშიშროების კომიტეტის (სუკ-ი) თავმჯდომარე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსი ინაური იყო, რომელიც „კგბ“-ს ხელმძღვანელის პოსტს 35 წელი იკავებდა. მანამდე ის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შს მინისტრი იყო.

სსრკ-ს ორმოცი მედლისა და ორდენის კავალერ ალექსი ინაურს ბერიასაც კი ადარებდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი შვილიშვილისთვის, ყველაზე საშიშ დროს, ქუჩაში დემონსტრანტებთან ერთად საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ ქართული ენის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება გაეპროტესტებინა.

როგორც შემდეგ ყვებოდნენ, ალექსი ინაურს კაბინეტში აქციაზე გადაღებული ფოტოები შეუტანეს და თითქმის ყველა ფოტოზე, გულგადაღეღილი და მუშტმომართული თავისივე შვილიშვილი ამოიცნო.

მაშინ გაგა 55-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე იყო. 

გაგას კლასელი, ირმა ენდელაძე იმ დღეს იხსენებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

„დღევანდელ დღეს გაგა ინაური წამოხტა გაკვეთილის დროს და ჩვენმა ბიჭებმაც დატოვეს გაოცებული პედაგოგი .ქართული ენის დასაცავად წავიდნენ რუსთაველზე. გაგა „კაგებეს“ მთავარი ჩინოსნის, ინაურის შვილიშვილი იყო, გამოსასწორებლად რომ გადმოგვიყვანეს კლასში… საოცარია, რომ ნიკა გომელაურის, მისი ნახევარძმის გარდაცვალების დღეც ყოფილა. ნათელში ამყოფოს გაგასთან ერთად ჩვენი კლასელების, საშკა ბაქრაძის, ლევან ლიპარტიანის, პეტრე გელბახიანის, ზაზა ანდღულაძის და ვინც მათ გვერდზე იყო და აღარ არის, იმათი სულები ღმერთმა“.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni