ისტორია

14 აპრილი – დღე, როცა კრემლმა ერთად შეკრული ქართველებისთვის ტყვიის სროლა ვერ გაბედა

1978 წლის 14 აპრილიდან 41 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გავიმარჯვეთ და ბევრი მარცხიც ვიწვნიეთ, თუმცა დღე, როცა ერთად შეკრულმა ქართველობამ კრემლის თავგასულობა დაამარცხა, ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1977 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ საბჭოთა რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება გადაწყვიტა.
იდეის ავტორი იყო საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი, ლეონიდ ბრეჟნევის თეორეტიკოსი და ცნობილი ქართველთმოძულე მიხეილ სუსლოვი.
კრემლიდან მიღებული დირექტივების თანახმად, 1977 წელს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, სახელმწიფო ენად, ქართულის ნაცვლად, რუსული იყო გამოცხადებული.
1978 წელს გაზეთ „კომუნისტში“ კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოქვეყნების შემდეგ, სტუდენტებმა, დისიდენტებმა, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სპეციალურად შემუშავებულ პეტიციაში, რომელსაც უამრავი სტუდენტი აწერდა ხელს, კატეგორიულად ითხოვდნენ ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნებას.

რაღა თქმა უნდა, მოსახლეობის პროტესტს საბჭოთა რეპრესიული მანქანის ამუშავება და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ადამიანების დაშინება მოჰყვა. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები პეტიციაზე ხელისმომწერ სტუდენტებს ოჯახებში აკითხავდნენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებდნენ. უშიშროების თანამშრომლები სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც მორიგეობდნენ და ხელმძღვანელებს მიუთითებდნენ, რომ სასწავლო პროცესის დროს ახალგაზრდები შენობიდან არ გამოეშვათ. იმ დირექტორებს, რომელთა მოსწავლეებსაც საპროტესტო აქციებზე შენიშნავდნენ, თანამდებობის დატოვების გარდა, უამრავი უსიამოვნება ელოდათ.
მუქარამ უკურეაქცია გამოიწვია – რეალური საფრთხის მიუხედავად, საპროტესტო აქციებზე მოსახლეობის ნაკადი ყოველდღიურად მატულობდა. სკოლისა და უნივერსიტეტის შენობებში გამოკეტილი ახალგაზრდები მაინც პოულობდნენ გზას რუსთაველის გამზირამდე მისასვლელად.
ყოველი მხრიდან ისმოდა პატრიოტული სულისკვეთებით სავსე ლექსები და სიმღერები. ახალგაზრდების გვერდით იდგნენ ქართველი მწერლები, დისიდენტები, საზოგადო მოღვაწეები.

„თუ არ შეგვიძლია, შევცვალოთ კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართული ენისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევის თაობაზე, ის მაინც შეგვიძლია, რომ უარვყოთ ეს კონსტიტუცია. ამით ჩვენ მართლები ვიქნებით შთამომავლების წინაშე, გავაგებინებთ ჩვენს ხალხს, რომ ქართული მწერლობა მკვდარი არ არის და ქართულ ენას არაფრის დიდებით არ დათმობს“, – ამ სიტყვებით მიმართა აკაკი ბაქრაძემ მწერლებთან შეხვედრაზე მისულ, იმჟამად ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს.


საპროტესტო აქციებმა კულმინაციას 14 აპრილს მიაღწია – დღეს, როცა უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, სადაც გამქრალი იყო მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ.
ამ დღეს რუსთაველის პროსპექტზე საბჭოთა ეპოქისთვის წარმოუდგენელი, გრანდიოზული მსვლელობა გაიმართა.
მომიტინგეები იმდროინდელი კომპარტიის უმაღლესი საბჭოსა და დღევანდელი პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.
ამ დღეს ასე იხსენებს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილი დისიდენტი, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე:
„რუსთაველის გამზირი ხალხით იყო გადაჭედილი, რაც იმ დროისთვის უნიკალური მოვლენა იყო. დღემდე მომიტინგეთა სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ: ზოგი – 50 ათასს, ზოგი – 70 ათასს. შეკრებილი ხალხი გამოირჩეოდა წესრიგით, აგრესიას არ ამჟღავნებდა, ამასთანავე, ყველას გადაწყვეტილი გვქონდა, სასურველი შედეგის მიღებამდე რუსთაველის პროსპექტი არ დაგვეტოვებინა. ლიდერებმა სწორი ტაქტიკა აირჩიეს იმითაც, როცა თქვეს: გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნები, თუნდაც პოლიტპატიმრების საკითხი (იმხანად მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დაპატიმრებულები იყვნენ), მაგრამ ამჯერად ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს: ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის აღდგენაო.
ამ გათვლამ გაამართლა. იმ დღეს ქართველმა საზოგადოებამ დიდი გონიერება გამოიჩინა, თუმცა, ცხადია, ვიცოდით, რომ შეიძლება ესროლათ კიდეც – უფროს თაობას კარგად ახსოვდა 1956 წლის 9 მარტი“.

უზენაესი საბჭოს შენობაში ამ დროს სესია მიმდინარეობდა, რომელზეც სახელმწიფო ენის სტატუსს იხილავდნენ.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მომიტინგეებთან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე კომპრომისული ვარიანტით გამოვიდა, თუმცა მომიტინგეებისგან უარი მიიღო.
თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძე იხსენებდა: „მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს ეს არ სჯეროდათ“.

დათმობას არც კრემლი აპირებდა და არც მომიტინგეები. „კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენების განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება“, – ასეთი იყო სუსლოვის პოზიცია.
არსებობს ინფორმაცია, რომ იმ დროს ედუარდ შევარდნაძეს ცენტრალური კომიტეტის მდივან მიხეილ სუსლოვისგან ცეცხლის გახსნის მითითებაც ჰქონდა მიღებული. მაგრამ საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლებას უკან დახევა მიუწია, რადგან ხალხი უკან დახევას არ აპირებდა, ხელისუფლებას კი სისხლისღვრა ხელს არ აძლევდა. მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოეცხადებინა.
„ბევრმა არ იცის, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს სხვა რესპუბლიკებში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებსა და სომხეთშიც მოჰყვა უკმაყოფილება, მაგრამ ქუჩაში გასვლა მხოლოდ ქართველებმა გავბედეთ, – იხსენებდა თამარ ჩხეიძე, – ყველას კარგად გვქონდა გაცნობიერებული ენის მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“.

1990 წელს 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ გამოცხადდა.

წყაროპ: funtime.ge

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni