უცხოური მედია

წითელი ჯვარი სირიაში 5 წლის წინ გატაცებული მედდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა სირიაში საკუთარი თანამშრომლის გატაცების შესახებ 5 წლის შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

„ახალზელანდიელი მედდა ლუიზა აკავი 2013 წლის 13 ოქტომბერს კიდევ ორ სირიელ მძღოლთან ერთად გაიტაცეს და ის მთელი ამ წლების განმავლოაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ტყვეობაში იმყოფება. დღეს ჩვენ საჯაროდ ვითხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია ჩვენი სამი თანამშრომლის შესახებ“, – განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა დომინიკ სტილჰართმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

წითელი ჯვრის 156-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს ყველაზე ხანგრძლივი გატაცებაა. ინფორმაცია მომხდარის შესახებ საიდუმლოდ ინახებოდა, რათა 62 წლის ლუიზა აკავის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ახალი ზელანდიის მთავრობა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ლუიზა აკავის ცოცხლად მიიჩნევდნენ. ჩვენ ახლაც გვჯერა ამის“, – განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა.

მისი თქმით, აკავის ძებნაში ახალი ზელანდიის სპეცრაზმიც ჩაერთო. ისინი ერაყში ჩავიდნენ, საიდანაც არაერთხელ გადასულან სირიაში გატაცებული მედდის მოსაძებნად.

ლუიზა აკავი 2013 წლის ოქტომბერში 6 სხვა ადამიანთან ერთად გაიტაცეს, როდესაც ისინი ჰუმანიტარული დახმარების კოლონასთან ერთად იდლიბის პროვინციაში მიემგზავრებოდნენ. ოთხი გატაცებულის გათავისუფლება მეორე დღესვე მოხერხდა, აკავი და ორი სირიელი მძღოლი კი ტყვეობაში დარჩნენ.

წითელი ჯვრის კომიტეტის განცხადებით, აკავის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ახლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მარტში „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში უკანასკნელი საყრდენი პუნქტები დაკარგა.

Facebook Comments