პოლიტიკა

ანა დოლიძე – ახლა საპარლამენტო უმრავლესობა თავის მართლებას დაიწყებს

ანა დოლიძე უმრავლესობის მიერ შემუშავებულ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ახლა, როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა თავის მართლებას დაიწყებს.

„ვენეციის კომისიის დასკვნაში მართლაც ძალიან კომპლექსური რეკომენდაციებია უამრავი მიმართულებით იმისთვის, რომ ნორმალური პროცესი წარიმართოს. ვენეციის კომისია განსაკუთრებით დაუკვირდა ხმის მიცემის პროცედურას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მათი რეკომენდაციით, კენჭისყრა უნდა იყოს ღია. კობახიძის მიერ შემოთავაზებული იყო, რომ კენჭისყრა დახურული ყოფილიყო და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებოდით. კომისიის რეკომედაციებით, თითოეულ კანდიდატზე კენჭისყრა უნდა მოხდეს ღიად და დასაბუთდეს თხრობით; ასევე, უნდა იყოს რაღაცა პროცესი, რომელიც კანდიდატთა ბიოგრაფიებს გადაარჩევს და რაც მთავარია, გამოცდა უნდა იყოს ამოღებული. ანუ კომისიის რეკომენდაციები არის მართლაც ძალიან სერიოზული და კომპლექსური.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ვენეციის კომისია წინასწარ აზიარებს ხოლმე თავის მონახაზს და როგორც ჩანს, კობახიძემ ეს მონახაზი ძალიან კარგად იცოდა. ამიტომ დააჩქარეს ამ კანონპროექტის განხილვა. ახლა კეთილი ინებონ, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და არ დაიწყონ ამორჩევა. მეორე კლასში რომ იცოდნენ, ჩემს წიგნში ამოხეული იყო ეგ გვერდი და დავალება ბებიასთან დამრჩაო – აი, ამ ტიპის თავის გამართლებას დაიწყებენ ახლა,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ვადის შემცირებას სთავაზობს.

„ორგანული კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ვადა 10 წლით განისაზღვრება. საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც უფრო მსხვილ და ახლად შექმნილ უზენაეს სასამართლოზე გადასვლა ხდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლით დანიშვნა შესაძლოა, ძალიან ხანგრძლივი იყოს. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის უფრო მცირე ვადა შეიძლება განხილული იყოს“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

Facebook Comments