უცხოური მედია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადაუდებელი სამუშაოებისთვის 10 მლნ ევროს გამოყოფენ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადაუდებელი სამუშაოების მიზნით 10 მლნ ევრო გამოიყოფა.

ამის შესახებ მედიას ილ-დე-ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ამასთან, ხელოვნების ნიმუშები, რომელთა გადარჩენა მოხერხდა ამჟამად პარიზის მერიაში ინახება და ისინი 17 აპრილს ლუვრს გადაეცემა, იტყობინება BFMTV.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაშავებულ მეხანძრეს, ის BFMTV-ის ინფორმაციით, ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

როგორც ტელეარხს სახანძრო ბრიგადის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ გალემ განუცხადა, „მეხანძრე მსუბუქად დაშავდა“.

ტაძარში გაჩენილი ხანძარი კი, ამჟამად ლოკალიზებულია. როგორც მედიას საფრანგეთის შსს-ს სახელმწიფო მდივანმა ლოარან ნუნიესმა განუცხადა, „ხანძარი ლიკვიდირებული არ არის, თუმცა კონტროლს ექვემდებარება“.

პარიზის ღვთიმსშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე სახურავზე გაჩნდა.

ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა. სახურავის უდიდესი ნაწილი დაიწვა.

კუნძულ ილ-დე-ლა-სიტედან, რომელზეც დგას ღვთისმშობლის ტაძარი, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, 18:15 და 19:00 საათს შორის მასში მესა მიმდინარეობდა.

სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა, რომლებიც 2018 წელს დაიწყო.

ხანძარს 400-ზე მეტი მეხანრე ებრძოდა, ამასთან ავიაციის გამოყენებაზე უარი ითქვა, რადგან შენობის მთლიანად დანგრევის საფრთხე არსებობდა.

Facebook Comments